2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს პირდება, რომელიც 2-11 სექტემბერს გაიმართება. ცნობილი მუსიკოსების გვერდით, წლევანდელ კონცერტებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას. სიმფონიური ორკესტრი რეგიონის 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა.
მეოთხე სეზონის პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგება, დღევანდელობის ერთ-ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. პროგრამა გაიხსნება, უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.
ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვა.
ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალს დახურავს ვილდე ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით.
შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველ სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის მეხუთე სიმფონია.