Home მსოფლიო წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდება – ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადება

წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდება – ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადება

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წელს კოვიდ 19-ის პანდემია დასრულებულად გამოცხადდება.

მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ პირველად იკლო 2020 წლის დასაწყისთან შედარებით. აღნიშნული განცხადებები ჯანმოს ხელმძღვანელმა იმ ცერემონიაზე გააკეთა, რომელზეც მას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის პრემია გადასცეს.

გებრეიესუსის განცხადებით, ახლა მსოფლიო იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში.

„დარწმუნებული ვარ, რომ წელს, რაღაც მომენტში, ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ კოვიდ-19 დასრულდა, როგორც პანდემია და როგორც საგანგებო სიტუაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რომელსაც აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა,“ – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. 11 მარტს ზუსტად 3 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ჯანმომ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის გლობალური აფეთქება შეგვიძლია შევაფასოთ როგორც პანდემია. მას შემდეგ მსოფლიოში ამ ვირუსის შედეგად გარდაცვალების 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რეალური სტატისტიკა გაცილებით მაღალია.

მოგვიანებით შეიქმნა ვაქცინები და დაიწყო მოსახლეობის ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში. შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში დაავადების მაჩვენებელი შემცირდა. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და დედამიწის მოსახლეობისთვის საშიშროებად რჩება. თუმდა ჩინეთში, სადაც იმ პერიოდში კოვიდ 19-ის აფეთქება იყო, ახლა ეპიდსიტუაცია გამოსწორებულია.