გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტმა „წარაფის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ღვინო „წარაფის“ დაყენებას და მის მირთმევას ყოველთვის განსაკუთრებული წესი აქვს.
„კულინარიულ ლიტერატურაში ამოიკითხავთ, რომ ღვინო „წარაფთან“ რეკომენდებული კერძებია: მოხარშული ხორცი, საქონლის ხორცი გრილზე ან შამფურზე, ფრინველის კერძები, ყველი და მისი მეგობრები. როგორც ღვინის დაყენებას, ისე მის მირთმევას ყოველთვის განსაკუთრებული წესი აქვს. ღვინის გემური თვისებები ხშირად სწორედ ზუსტად შესაბამის საკვებთან უნდა შეჯერდეს, რათა არომატები ერთმანეთს შეეთვისოს და სრული ჰარმონია მივიღოთ. შესაბამისად, ყველა ღვინოს თავისი დანიშნულება აქვს, იქნება ეს სუფრის, სადეგუსტაციო, თუ სხვა. იგივე ხდება კახეთშიც. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ყურძნის მოხმარება- გადამუშავების სისტემა აამოქმედა, ღვინოები სამ ძირითად ჯგუფად გადაანაწილა: მაღალხარისხოვანი ევროპული და კახური ტიპის სუფრის ღვინოები, მაგარი და სადესერტო ღვინოები და საკონიაკედ გამოსადეგი ღვინოები.
ღვინო „წარაფი“ სუფრის ღვინის ტიპს განეკუთვნება. წარაფის მიკროზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის ტერიტორიაზე მდებარეობს და, ისტორიულად, გურჯაან-კარდანახის მხარეში მოყვანილ ღვინოებს „ვაჟკაცურ, კახური ტიპის ღვინოებსაც ეძახიან“. ეს არის კახური ტრადიციული ღვინოების მომცემი მხარე. ბაკურციხიდან ანაგამდე გაშლილი ზვრები, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი უმაღლესი კახური ტიპის ღვინოს ამზადებს. მათ შორისაა წარაფი ანუ როგორც ადგილობრივი ხალხი ეძახის – „აქაური წარაფები“. ამჟამად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „წარაფი“ ქარვისფერი, მშრალი ღვინოა. მუქი ქარვისფრიდან ჩალისფრამდე გამოხატული ფერით. აქვს სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო კარგად გამოხატული, ამ გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით და ზომიერი, რბილი სიმწკლარტით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. „წარაფის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.
წარაფი ერთ-ერთი მაგალითია კახური ღვინის დაყენების მეთოდის, რომელზეც ცნობილი იტალიელი მეღვინე ჯ. დალმასო წერდა: „ღვინის დაყენების მეთოდმა, რომელიც კახურ მეთოდად იწოდება და ბევრად განსხვავდება ევროპული ტექნოლოგიისგან, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს ქვეყანა წარსულშიც იყო ცნობილი თავისი მაღალხარისხოვანი ღვინოებით და მომავალშიც რჩება ამ პროგრესული მიმართულების შემოქმედად“. წარაფის დამზადების დროს გამოიყენება მხოლოდ მის მიკროზონაში მოწეული რქაწითლის ჯიში. ყურძენი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე და კრეფის დროს მისი შაქრიანობა არ უნდა შეფასდეს 21%-ზე დაბალი მაჩვენებლით. არის შემთხვევები, როდესაც წარაფის დასამზადებლად მოწეულ ყურძენს სხვა ჯიშებსაც ურევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია პროპორციები, დასაშვებია მხოლოდ კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძნის შერევა, ისიც მხოლოდ 15%-იანი დანამატით, რათა წარაფმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი უნიკალურობა.
როგორც ვახუშტი ბატონიშვილი იტყოდა კახეთის აღწერისას: „და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი, ყოველთა მარცვლითა, ვენახ-ხილითა“ – ზუსტად ამ სიტყვების გამოხატულებაა წარაფის მიკროზონის რქაწითელი ყურძნის თითო მტევანი, რომელიც სხეულიან, ჯიშიან და ენერგიულ ღვინოს იძლევა. ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „წარაფი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის 11 მაისს“, – აღნიშნულია სტატიაში.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.