გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი, რის გამოც წუხელ რამდენიმე საათის განმავლობაში ქირურგიური ოპერაცია უტარდებოდა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. გამჭოლი ჭრილობაა. მაქსიმალურად ვცდილობდით ახალგაზრდისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა ინტესიურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. “- განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გელა ორველაშვილმა.
სოფელში მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ერთ- ერთი ვერსიით ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე კაცმა ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. სროლის შედეგად 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 28 წლის ახალგაზრდა გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს ამ დრომდე სამართალდამცველები ეძებენ. პოლიციამ პირის იდენტიფიცირება შეძლო და არ არის გამორიცხული მისი დაკავება დღის ბოლომდე მოხდეს.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.