Home ბლოგი შოთა რაინაული-კარჩაკეტილობის ჟამს…

შოთა რაინაული-კარჩაკეტილობის ჟამს…

აჰაა, მოვიდა უკვე იმის დროც, რომ დავფიქრდე და გავაანალიზო დღევანდელი ჩემი მდგომარეობა.
პროფესიონალი ვარ და არცაა გასაკვირი, რომ ცოოტა სხვა თვალითაც ვუყურებ შემქნილ სიტუაციას, მით უფრო, თუ ისეთი ადამიანი მედგა წლების განმავლობაში გვერდით, როგორიც იყო ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელმაც მასწავლა რაციონალური აზროვნება.

მდაა, გამოჩნდა ეს რნმ ვირუსი, სახელიც სამეფო აქვს და ჯერჯერობით იპყრობს კიდეც მსოფლიოს, როგორც ჭეშმარიტ მონარქს ეკადრება. ვირუსმა თავდაყირა დააყენა ბოლო ათწლეულებში გავაკებული ურთიერთობები ხალხთა შორის, დაარღვია საზღვრების ურყეობის საკითხი, უფრო სწორედ ფეხებზე დაიკიდა საზღვრები.

პირველი, ვფიქრობ?- რა თქმა უნდა ვფიქრობ პირველ რიგში საკუთარი ოჯახის წევრებზე.

ვცდილობ გავითავისო ცხოვრების ახალი წესები, ხელი შევუწყო მათ საქმიანობას, ვხუმრობ ხოლმე სახლში სამი უნივერსიტეტი მაქვს გახსნილი, ორი ანისი, სადაც კითხულობს ლექციებს, და ერთი ლალის უნივერისტეტი, არ გვყოფნის ოთახები და რაც მთავარია ლეპტოპები. ანიმ ივაჟკაცა და თავის ლეპტოპი დატოვა თბილისში და ახლა ოკუპირებული აქვს ჩემი, რის გამოც ვდგევარ რიგში ყველგან – სახლში ჩემი ლეპტოპის რიგში, გარეთ მაღაზიის შესასვლელ კარებთან.

 

მეორე, ვირუსი.

ვცდილობ რნმ ვირუსების ზოგად ჭრილში შევაფასო იგი და გამოვიცნო მისი მომდევნო ქცევები, რათა შევამოწმო რამდენად ემთხვევა იგი ჩემს გათვლებს. ჯერჯერობით გამომდის იმ ფარგლებში, რაშიც ვაფასებ.

მესამე, ვიხსენებ ყველა იმ შემთხვევას, რომელიც გამომადგება სიტუაციის შესაფასებლად.

ყველაზე უკეთესი „ესპანკას“ პანდემიის შემორჩენილი ფაქტების ანალიზია და კიიდევ, ჩემი კოლეგის და ბრწყინვალე მოაზროვნის, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ -ა.

მეოთხე, ვაანალიზებ იმ ღონისძიებებს, რასაც მიმართავს მსოფლიო და ჩემი ქვეყანა ამ პანდემიის საწინააღმდეგოდ.

ვხვდები, რომ მთელი სიმძიმე ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მხრებზე გადადის და სერიოზულად მეშინია იმ დროსი, როცა ეს ტვირთი ჰოსპიტალურ სექტორს, განსაკუთრებით მათ რეანიმაციებს დააწვება.

მეხუთე, ხოო და მაქვს კიიდევ ერთი სერიოზული საქმე, ორი დედალი, რომელიც ელენიკოს ჩამოსვლისთვის ვიყიდე, გადაიდო არა მარტო ელენეს ჩამოსვლა, გადაიდო ყველაფერი და დამრჩა ეს ორი დედალი, მათ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთეს და განიმტკიცეს ადგილი გალიაში, ორივე დედალი დებს თითო კვერცხს ყოველდღიურად და რა თქმა უნდა სამზარეულოში, მით უფრო ქვაბში მათი ადგგილი ჯერ არაა, ვკვებავ მათ და შევყურებ ერთ ადგილას ჩემი ყოველდღიური შემოსავლის მისაღებად.

 

მეექვსე, მაქვს პატარა, დაახლოებით 10 კვ მეტრი დაბარული ფართი, დავთესე კარტოფილი, ჭიქებში გამოვიყვანე საუკეთესო ჯიშის პომიდვრის ჩითილი, ველოდები შესაფერის ამინდს მათ გადასატანად ნიადაგში.

მეშვიდე, წიგნი! ვკითხულობ, განსაკუთრებით ვკითხულობ მძიმე, ამ ეპიდემიაზე მძიმე ნაწარმოებებს, აღფრთოვანებული დავრჩი ზაირა არსენიშვილის რომანით, არ დავინდე თავი და წავიკითხე – ჯერ კიდევ ელისი.

მერვე, ვცდილობ გადავეწყო ონლაინ კონსულტაციებზე, ძალიან რთულია ჩემი პროფესიისათვის სატელეფონო კონსულტაციები, როცა საქმე ნაწლავების დაავადებებსა და მათი ფუნქციის მოშლას ეხება. უფრო ადვილია ინფექციური და ან სხვა ქრონიკული დაავადებების დროს კონსულტაციები.


და მეცხრე და ბოლოს: ინგლისს, უფორ სწორედ ინგლისურ ენას ერთმა ძალიან სერიოზულმა ეპიდემიამ მოკითხვის უცნობილესი წინადადება დაუტოვა – ჰაუ დუ იუ დუ?
ნეტა რას დაგვიტოვებს ეს ვირუსი კაცობრიობას?