2018 წლის 4 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, კახეთის რეგიონში დაწყებული კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და პროექტები, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას ფინანსური მხარდაჭერითა და მაქსიმალური ხელშეწყობით წარმართონ სამეურნეო საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგს და საშუალებას აძლევს როგორც მოქმედ, ისე ახალგაზრდა მეწარმეებს დაიწყონ საქმიანობა სოფლად.
შეხვედრას ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელი ბექა ხანგოშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ქეთევან ლაცაბიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ნინო დეკანოიძე, კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენედიქტე გეგეჭკორი სოფელ, ყარაჯალის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ მუსაევი და სხვა დაინტერესებული პირები.