შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნასთან ერთად მოსალოდნელი იყო, რომ შემთხვევები მოიმატებდა.
„ზოგადად, ის, რაც ამ დღეებში ხდება, როცა გვაქვს შემთხვევების მატება, პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპით სვლით პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ინფიცირებულებს. ასევე შეიმჩნევა დინამიკა, რომ იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი საშუალო და მძიმე შემთხვევათა შორის. ახალი შემთხვებები კლინიკურად უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ვარაუდობენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში. ჩვენთან ძირითადად რესპირაციული ვირუსები აქტიურდებიან ოქტომბრის ბოლოს და შესაძლოა მაშინ მოხდეს კორონავირუსის გააქტიურებაც. თუმცა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა მოიკლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.