შეთე გულუხაიძე – ლეგენდარული თუში მეომარი.
შამილის წინააღმდეგ მებრძოლ თუშთა მარბიელ რაზმს სათავეში ქუმელაურთელი შეთე გულუხაიძე ჩაუდგა. მას ბადალი არ ჰყავდა ნიშანში სროლასა და ხანჯლით ბრძოლაში და კავკასიონის ორივე მხარეს ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო “მეკოპარი” ანუ დავლაზე მავალი. ლეკები მას “შეითანს” ანუ ეშმაკს ეძახდნენ და მისით ბავშვებს აშინებდნენ – დაიძინე, თორემ თუში შეითანი მოვა და წაგიყვანსო. გადმოცემით, შეთე მართლაც შეუბრალებელი და გულცივი კაცი ყოფილა, თუმცა კავკასიური ადათ-წესების თანახმად, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს არ ერჩოდა და ტყვედ ჩაგდებულ მტრებსაც ლმობიერად ექცეოდა.
შეთე გულუხაიძის გარდა, თუშთა მარბიელ რაზმში იყვნენ: ნიკო ქადაგიძე, შალვა თურქოშვილი, ფორე თურქოშვილი, აბო შალაფიშვილი, ნიკო აშაძე, ივანე ელიზბარიძე, გრიგოლ ქადაგიძე, დათილო შანქიშვილი, ლეო ეფიშვილი, პართენ ჩარხოშვილი, მიქა მოზაიძე, ზაქარია წკიპოიძე (სხვა ვერსიით – წკიპოშვილი) და სხვანი. მათი უმეტესობა წოვათუში იყო. გადმოცემით, მათ მარბიელი ლაშქრობებით ისე შეუწუხებიათ ჩეჩნეთის მთიანი თემების (ხილდეჰაროს, ჭანთეთისა და შაროის) მოსახლეობა, რომ მათ თვით შამილისთვის შეუჩივლიათ: ან ამ თუშებს მოუხერხე რამე, ანდა ჩვენ შენს ლაშქარში ნუღარ დაგვიძახებო. შამილმა შეთე გულუხაიძის ცოცხლად ხელში ჩამგდებს საკმაოდ სოლიდური ჯილდო აღუთქვა, მაგრამ ამაოდ – თუში “შეითანი” მოუხელთებელი იყო და ჩრდილოკავკასიელებს ბევრ თავსატეხს უჩენდა.
ერთხელ, თუშებს დაღესტნის ერთ-ერთი შორეული თემი – ანდი დაულაშქრავთ. შეთეს რაზმი მოდისო, რომ გაიგეს, მამაკაცებმა ქალები და ბავშვები ტყეში გახიზნეს და თავად მტრის დასახვედრად მოემზადნენ. ისინი თუშებმა თურმე სულ ამოწყვიტეს და გაუკაცრიელებულ სოფელში შევიდნენ. შეთეს ერთ-ერთ სახლში მკვდარი დედა და აკვანში მწოლიარე ჩვილი უნახავს. ეტყობოდა, მათ გახიზნვა ვეღარ მოესწროთ და ქალს შიშისგან გული გასკდომოდა. შეთემ ჩვილი ხელში აიყვანა, დააწყნარა, შემდეგ საგზლად წამოღებული რძით გამოკვება და ისევ ფრთხილად ჩააწვინა აკვანში. მისივე ბრძანებით, დათილო შანქიშვილმა და ზაქრო წკიპოიძემ მოძებნეს ტყეში გახიზნული სოფლელები, ჩვილი მათ ჩააბარეს და ისე გამობრუნდნენ უკან.
შეთეს მოხერხებულობის წყალობით, თუში რაზმელები რიცხვმრავალ მტერთან ბრძოლაში ხშირად გადარჩენილან უვნებლად – თურმე, თუშები დიდოელებმა ყადორის უღელტეხილთან ახლოს, ერთ მაღალ გორაკზე მიიმწყვდიეს და ამოწყვეტდნენ კიდეც, შეთეს რომ ფანდი არ ეხმარა: თუშებს ტყვიები შემოელიათ და რამდენიმე თვითნაკეთი ხელყუმბარის იმედადღა იყვნენ; დიდოელები კი გორაკის ძირში იყვნენ გამაგრებულნი და ხელყუმბარები მათ ბევრს ვერაფერს დააკლებდათ. თუშებს ტყვიები შემოელიათო, რომ შეატყვეს, დიდოელები თამამად დაიძრნენ გორაკის წვერისკენ. “აბა, ბიჭებო, ვისროლოთ ყუმბარები!” – იყვირა შეთემ. დიდოელები მაშინვე შეჩერდნენ და მიწაზე გაწვნენ, თუმცა თუშებს ყუმბარები არ უსვრიათ. ცოტა ხნის შემდეგ, დიდოელებმა ისევ განაგრძეს გორაკის წვერისკენ სვლა, შეთემ კი ისევ იყვირა: ყუმბარები ვისროლოთო! დიდოელები ისევ გაწვნენ მიწაზე, მაგრამ თუშებს არ უსვრიათ.
დიდოელთა რაზმის მეთაურმა, ვინმე აბუბაქარმა იფიქრა – თუშები ალბათ, თავის გადარჩენას ცდილობენ, თორემ ყუმბარები რომ ჰქონოდათ, ხომ ამოგვხოცავდნენო და თავის რაზმელებს თვალი უყო: სვლა განაგრძეთო. დიდოელებმაც მეთაურს დაუჯერეს და კარგა მანძილზე მიუახლოვდნენ თუშებს. ამ უკანასკნელებმა კი სწორედ მაშინ, უცებ ისროლეს ყუმბარები და თავად იქვე, თხრილში ჩახტნენ. დიდოელთაგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი, შეთეს ბიჭები კი უვნებელნი დაბრუნდნენ თუშეთში.
ბოლოს, თუშებისგან გვარიანად შეწუხებულმა შამილმა დრო იხელთა და როცა შეთეს რაზმი დაღესტანში მორიგ ლაშქრობაში იყო, ქუმელაურთის ასაკლებად ლეკთა ჯარი გამოგზავნა. ლეკებმა შეთეს მშობლიური სოფელი დედაბუდიანად აიკლეს და ქალები და ბავშვებიც არ დაუნდიათ – ყველანი ჩახოცეს. უკან დაბრუნებულმა თუშმა რაზმელებმა ეს ყველაფერი რომ ნახეს, გაშმაგდნენ და შურისსაძიებლად კვლავაც დაღესტანში გადასვლა დააპირეს, მაგრამ შეთემ ისინი შეაჩერა: “ახლა რომ ჩვენ თავს დავესხათ, მომზადებულნი იქნებიან და დიდ ზიანს ვერ მივაყენებთ… ცოტა დავიცადოთ და ისეთ დროს გავილაშქროთ, როცა ყველაფერი ჩავლილი იქნება და ჩვენი შიშიც არ ექნებათ!” – უთხრა თანამებრძოლებს. თუშებმა ერთი თვე მოიცადეს და როცა ლეკებს იმედი მიეცათ, “შეითანი” დავაუძლურეთო, სწორედ მაშინ შეესივნენ მათ სოფლებს.
შეთე გულუხაიძის რაზმმა, რომელსაც ფშავლები და ხევსურებიც ახლდნენ თან, დალაშქრა დიდოეთი და ბაგვაზი და ცეცხლს მისცა ლეკების სოფლები. თუშები არც ამის შემდეგ შეჩერებულან და მთიანი დაღესტნის გამაგრებულ ქალაქ ხუნძახსაც კი შეუტიეს. სწორედ ხუნძახში მოხდა ის სავალალო ამბავი, რამაც დიდი დაღი დაასვა შეთე გულუხაიძის შემდგომ ცხოვრებას.
რამდენადაც ხუნძახი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო, თუშები იქ უჩუმრად შეიპარნენ და დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სტრატეგიულ ობიექტებს შეუტიეს. დათილო შანქიშვილი, ნიკო ქადაგიძე და მიქა მოზაიძე ქალაქის ნაიბის სახლში შეიჭრნენ, ყველანი ამოხოცეს და წამოსვლისას, ცეცხლს მისცეს ყველაფერი. ფორე თურქოშვილმა და ლეო ეფიშვილმა წყლის მილები გადაჭრეს, რითაც ხუნძახს ახლომდებარე მთის წყაროებიდან სასმელი წყალი მიეწოდებოდა; შეთე კი იმ სახლს მიადგა, სადაც ქუმელაურთის ამკლებთა მეთაური – ბულათ ყალიმი ცხოვრობდა. ის იმ დღეს სხვაგან იყო წასული, სახლში მხოლოდ მისი მეუღლე იმყოფებოდა ჩვილი ბავშვითურთ. ბავშვი ჭირვეულობდა, არ იძინებდა და დედამ ჩვეულებისამებრ, შეთეს სახელით შეაშინა: “დაიძინე, თორემ შეთე მოვა და წაგიყვანს!” – უთხრა ჩვილს და როცა ამანაც ვერ გამოიღო შედეგი, რატომღაც აკვნიდან ამოიყვანა და ფანჯარაში გაახედა: “შეთე, მოდი და წაიყვანე ეს ჭირვეული ბიჭი!” – შესძახა თან შესაშინებლად.
შეთე ამ დროს სწორედ იმ ფანჯარასთან ყოფილიყო ჩასაფრებული და რაწამს ეს გაიგონა, სწრაფად ხმალი იშიშვლა და ქალს გამოწვდილ ხელზე დაჰკრა. დედას ჩვილი ხელიდან გაუვარდა, შურისძიებით გონებადაბნელებულმა შეთემ კი პატარას მიწაზე დაცემაც აღარ აცალა, ჰაერშივე შუაზე გადასხიპა. ხელებმოკვეთილი დედის ღრიალმა ყველაფერი შეძრა და შეთეც უცებ გამოფხიზლდა: “დამტირებელსაც აღარ ეღირსო, შენს გვარში კი კაცმა ჩემი შვილის ასაკამდე ვერ მიაღწიოს!” – დაწყევლა ის ლეკის ქალმა. შეთემ ტყვია შუბლში ჰკრა მას და შინისკენ მიმავალ რაზმელებს წამოეწია.
ხუნძახის აკლების შემდეგ, შამილიც დანებდა რუსებს და ჩრდილო კავკასიაში წინააღმდეგობის მოძრაობა შენელდა. შეთე გულუხაიძე და მისი რაზმელები რუსებმა დააჯილდოვეს, როგორც მამაცი და იმპერიისთვის თავდადებული მეომრები, მაგრამ შეთეს ამან შვება ვერ მოჰგვარა: მას მუდამ ყურებში ედგა ლეკი ქალის წყევლა და ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ მისი ვაჟკაცობა სწორედ მაშინ დასამარდა, როდესაც ხუნძახში ჩვილი ხმლით შუაზე გადაჭრა. სხვათა შორის, იმ დროს შეთეს დათილო შანქიშვილმა, ლეო ეფიშვილმა და სხვა რაზმელებმაც უსაყვედურეს: მტერი მტერია, მაგრამ ჩვილი უნდა დაგენდოო.
გადმოცემით, შეთე გულუხაიძემ დაჯილდოვების შემდეგ დაოჯახება გადაწყვიტა, ერთ ლამაზ თუშის გოგონას მიუგზავნა მაჭანკალი, ქორწილიც დანიშნეს, თუმცაღა ქორწილის წინა დღეს, საცოლე მოულოდნელად გარდაიცვალა. რამდენიმე ხნის მერე, შეთემ სხვა გოგოს დაადგა თვალი, მაგრამ იმასაც იგივე ბედი ეწია. დაქორწინება შეთემ მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო და სამი ქალიშვილიც შეეძინა. საბოლოოდ, ოჯახური ცხოვრება ასე თუ ისე, აეწყო, მაგრამ ვაჟიშვილი არა და არ მიეცა, თანაც მეუღლეც ადრე გარდაეცვალა.
გადმოცემით, შამილის დატყვევებიდან ოთხიოდე წლის შემდეგ, ქუმელაურთაში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა და გულუხაიძეთა გვარის თითქმის ყველა ბავშვი შეიწირა. შეთეს ცოლ-შვილი სხვა სოფელში ჰყოლია გაგზავნილი და მათ არაფერი მოსვლიათ, მაგრამ თუშთა მეთაურს ცუდად ენიშნა, რომ გვარში მამრობითი სქესის ბავშვები აღარ დარჩნენ. შეთე მიხვდა, რომ წყევლა უცხადდებოდა და შეშინდა. ძმობილმა – დათილო შანქიშვილმა ურჩია, ალავერდის ტაძარში მისულიყო და აღსარება ეთქვა, მაგრამ რატომღაც ასე არ მოქცეულა. ნაცნობ მეცხვარეებს შეუამხანაგდა და მათთან ერთად, ცხვარს გაჰყვა შირაქის საძოვრებზე.
სწორედ იქ – შირაქის საძოვრებზე ასრულდა საბოლოოდ ლეკი ქალის წყევლა: შეთე ორ მეცხვარესთან ერთად, დაკარგული ბატკნების საძებნელად წავიდა და გზად ჭექა-ქუხილმა მოუსწრო. უცებ იჭექა, გაიელვა და კუნაპეტი სიბნელე ჩამოწვა. შეთეს მხლებლები დაიბნენ და ერთმანეთს შეძახილით გამოეხმაურნენ. შეთესაც დაუძახეს, მაგრამ პასუხი ვერსაიდან გაიგონეს. როცა განათდა, შეთეს კვალსაც კი ვერ მიაგნეს – თუშთა ლეგენდარული წინამძღოლი გამქრალიყო. ერთი კვირის შემდეგ, ის ველზე, გველებისგან დაგესლილი იპოვეს აზერბაიჯანელმა მონადირეებმა და იქვე დამარხეს, შეთეს მეუღლემ და შვილებმა კი ვეღარაფერი შეიტყვეს ამის შესახებ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ შეთე გულუხაიძის სიკვდილის სხვაგვარი ვერსიაც არსებობს – ის დაღესტნის ერთ-ერთი შორეული თემის დასალაშქრად მარტო წავიდა და ადგილობრივებმა, რომლებიც ლეგენდარულ თუშს სახეზე არც კი იცნობდნენ, ბრძოლაში მოკლეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ასე იყო თუ ისე, ერთი რამ კი ცხადია – შეთე გულუხაიძეს უდანაშაულოდ მოკლული ჩვილის ცოდვამ უწია.
წყარო ფეისბუქ გვერდიდან “დიდი ქართველები”