ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. 13-მა გარდაცვლილმა ვარსკვლავმა რეიტინგში წელს რეკორდული 1,6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, რაც გასულ წელთან შედარებით 72%-ით მეტია.
2001 წლის შემდეგ, რაც Forbes-მა დაღუპული ადამიანების შემოსავლის აღრიცხვა დაიწყო, ეს არის ყველაზე მაღალი ზრდა 12 თვის განმავლობაში. ასევე, პირველი შემთხვევაა, როცა ხუთეულში თითოეულმა 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
სიის სათავეშია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი. ის 1973 წელს გარდაიცვალა პნევმონიით, მაგრამ აგვისტოში „მიიღო“ 500 მილიონი დოლარი Middle-Earth Enterprises ბრენდის გაყიდვიდან, რომელიც მართავს ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს ფილმებზე, ვიდეო თამაშებზე, საქონელზე და სხვა. სავაჭრო ნიშანი იყიდა შვედურმა ჰოლდინგმა Embracer-მა, რომელიც სპეციალიზირებულია კომპიუტერულ თამაშებში.
მას მოჰყვება კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, რომელმაც 400 მილიონი დოლარი გამოიმუშავა Coca-Cola-ს სპორტული სასმელების ბრენდის BodyArmor-ის წილის გაყიდვით.
როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ მისი ქონება 110 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ თანხის ლომის წილი ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვით მიიღეს გრეისლენდში, პრესლის მემფისში მდებარე სახლში. ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულმა ფილმმა „ელვისმა“ კი მას მხოლოდ 5 მილიონი დოლარი მოუტანა.
ზოგადად, მუსიკას ინვესტორები შემოსავლის საიმედო წყაროდ მიიჩნევენ. ამგვარად, 1,6 მილიარდი დოლარიდან, რეიტინგის ცხრა მუსიკოსმა გამოიმუშავა თითქმის 700 მილიონი დოლარი, მათ შორის, დევიდ ბოუიმ 250 მილიონი დოლარი, მაიკლ ჯექსონმა 75 მილიონი დოლარი და ლეონარდ კოენმა 55 მილიონი დოლარი. ხოლო მუსიკოსების ნაწილი, მაგალითად ჯონ ლენონი და ჯორჯ ჰარისონი The Beatles-დან, რეიტინგის მუდმივი წევრები არიან, რადგან მათ აქვთ წლიური ჰონორარის სტაბილური ნაკადი.
დანარჩენ ადგილებზე გადანაწილდნენ: მუსიკოსი დევიდ ბოუი 250 მილიონი დოლარით, მუსიკოსი ჯეიმს ბრაუნი 100 მილიონი დოლარით, მწერალი დოქტორ სუესი 32 მილიონით, მუსიკოსი ჯეფ პორკარო 25 მილიონით, მუსიკოსი ხუან გაბრიელი 23 მილიონით, მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონი 12 მილიონით.
რეიტინგის შედგენისას Forbes USA ეყრდნობოდა Luminate-ის, IMDbPro-ს, NPD BookScan-ის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს ინდუსტრიის ინსაიდერებთან. ყველა თანხა მოცემულია აგენტების, მენეჯერების და იურისტების საფასურის დაკლებამდე. რეიტინგში გათვალისწინებულია შემოსავალი 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდე.