ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი მეწარმეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერმა სალომე იანვარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას „აწარმოე საქართველოში“ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საკონსულტაციო ცენტრი რეგიონის მეწარმეებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას სთავაზობს.
საკონსულტაციო ცენტრში რეგიონის მეწარმეებს საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში 95%-მდე თანადაფინანსების მიღებისა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნულ სერვისებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰაბში შეუძლია, მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი პროექტების შესახებ.
გარდა ამისა, საუბარი იყო სექტორულ შეხვედრებზეც, სადაც მეწარმეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და ინფორმაციას არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.