ტრადიციისამებრ, ქრისტეშობის ღამეს მორწმუნეები ფანჯრებთან სანთლებს დაანთებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, ბოლო წლებია მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს ანთებენ. სანთელს ძირითადად, ისინი ანთებენ, რომლებიც საშობაო ლიტურგიაზე ღამით, ტაძარში ვერ მიდიან.
„შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლისა და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს“, – განაცხადა უწმინდესმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.
საშობაო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს უფლის შობას დღესასწაულობს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.