დაქვრივება, საყვარელი ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია. ქალების დიდი ნაწილისთვის ეს არის მხარდამჭერთან, ყველაზე საიმედო თანამგზავრთან განშორება, ხოლო ინდოეთში – მეუღლის სიკვდილი საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ქალებს, დაქვრივების შემდეგ, უსარგებლო ადამიანებად მიიჩნევენ და დევნიან. მათ რიყავენ ოჯახის წევრები, ახლობლები შორდებიან, საკუთარ შვილებსაც კი შეუძლიათ დაქვრივებული დედა სახლიდან გააძევონ.
ინდოეთის ზოგიერთ სოფელში მიიჩნევენ, რომ ქვრივები შეურაცხყოფილნი და შერცხვენილნი არიან, რადგან ქმარი ვერ გადაარჩინეს და ოჯახში მათი ადგილი აღარაა. ამგვარი გაგება ინდური ტრადიციებიდან იღებს სათავეს და დღემდეა შემორჩენილი.
ქალები, ხშირად მოხუცები და დაუძლურებულნი, ქუჩაში რჩებიან საარსებო წყაროს გარეშე. დაქვრივებულ ახალგაზრდა ინდოელ ქალებს ზოგჯერ ახლობლები სახლში აბრუნებენ, მაგრამ უფროს თაობას წასასვლელი არსად აქვს.
ამიტომ, ათასობით ქალი მიდის წმინდა ქალაქ ვრინდავანში, რომელიც დღეს ცნობილია როგორც “ქვრივთა ქალაქი.” მათ სჯერათ, რომ ვრინდავანი ოდესღაც კრიშნას საყვარელი ქალაქი იყო და ამ ქალაქში დაღუპული ქვრივი გათავისუფლდება “სირცხვილისგან“ და მომავალში “იგივეს აღარ გაიმეორებს.”
ვრინდავანი მდინარე იამუნას ნაპირას, უტარ-პრადეშის შტატში მდებარეობს, გადმოცემის თანახმად, აქ ღვთაება კრიშნამ ბავშვობის პერიოდი გაატარა. ქალაქში ასობით ტაძარია. ვრინდავანი ასევე ცნობილია როგორც “ქვრივების ქალაქი,” იქ მცხოვრები ათასობით ქვრივის გამო, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ. ინდუისტური ტრადიციის თანახმად, ქვრივებმა არ შეიძლება იქორწინონ, მათ დარჩენილი წლები სულიერ გათავისუფლებას უნდა დაუთმონ. ტაძრებში ბჰაჯანების სახელით ცნობილი საგალობლების სიმღერის სანაცვლოდ, ქალებს აპურებენ და ცოტაოდენ ფულსაც აძლევენ, რათა გადარჩნენ.
რეალურად კი, ქალებს სჯერათ, რომ ვრინდავანში მათ სულ სხვა ცხოვრება ელოდებათ. მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. ფულისა და ძვირფასი ნივთების გარეშე ისინი ქუჩაში რჩებიან. ქალაქში არსებობს ხუთამდე თავშესაფარი ქვრივი ქალებისთვის, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ეს საკმარისი არ არის. ბოლო კვლევებით, ვრინდავანი 5-10 ათასამდე ქვრივის სახლი გახდა.
ვისაც გაუმართლებს, თავშესაფრებში ხვდება, ზოგს მოხალისეები და საქველმოქმედო ორგანიზაციები ეხმარებიან, მაგრამ უმეტესობა განწირულია – კი არ ცხოვრობს, არამედ მხოლოდ არსებობს. ქვრივებს უგულებელყოფენ რიგითი მაცხოვრებლები, არ იღებენ სამსახურში და რჩებათ მხოლოდ ერთი გზა, მოწყალების თხოვნა და დაძინება ტაძრების იატაკზე, რომელიც ქალაქში ბევრია.
დროთა განმავლობაში ქვრივებმა დაიწყეს თანამშრომლობა და ერთმანეთის დახმარება. ვრინდავანი იქცა ადგილად, სადაც ისინი იძენენ ახალ ოჯახებს და ახალ მეგობრებს – ერთმანეთის სახით. შეიძლება კი, ეს მათ ცხოვრებას უადვილებდეს? – ნაწილობრივ, დიახ.
მათ არ აქვთ უფლება გაღიმების, არ შეუძლიათ ჩაიცვან ფერადი, ბრჭყვიალა ტანსაცმელი. აკრძალული აქვთ გემრიელი საჭმლის მირთმევა, რომელიც შეზავებულია სანელებლებით, რადგან შეიძლება ამან მათში ბედნიერების შეგრძნება გააღვიძოს.
აქტივისტები ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მათი ძალა საკმარისი არ არის. ქვრივებს თავიდან ასწავლიან ღიმილს, უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და ცდილობენ უპოვონ სამუშაო – მაგალითად, დააკავონ კალათების ქსოვით, რათა საკვების ფული მაინც გამოიმუშავონ. მაგრამ ქალები ისე არიან მიჩვეულები ტანჯვას, რომ ეს მათი (დის)კომფორტის ზონად იქცა, საიდანაც, გამოსვლა აღარ უნდათ.
რა თქმა უნდა, ინდოეთში ყველა ქვრივი იგივე ბედს არ იზიარებს. როგორც წესი, ეს ხდება ძალიან კონსერვატიულ რეგიონებში, სადაც ტრადიციებს უფრო ძლიერად აქვს ფესვები გადგმული.
სამწუხაროდ, ინდოეთში ბევრი ასეთი რეგიონია.
დღეს ინდოეთში არსებობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებს და მხარს უჭერენ მათ, ვისაც საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია.
ინდოეთში სწორედ ამ ორგანიზაციების წყალობით მიიღება კანონები ინდოელი ქალების მხარდასაჭერად, ტარდება სარეკლამო კამპანიები გოგონების, ქალებისა და ქვრივების მხარდასაჭერად. მაგრამ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმის, რაც ნამდვილად საჭიროა.