რუსეთი ქართული ვაშლის კვლავ მთავარი საექსპორტო ბაზარია. წელს, ქართული ვაშლის 98.4% სწორედ ამ ქვეყანაში გაიყიდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ 2025 წლის პირველ სამ თვეში $5,3 მლნ-ის 8472 ტონა ვაშლი გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ვაშლის ექსპორტი მხოლოდ 961 ტონა იყო, ხოლო თანხაში – $676 ათასი. მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ვაშლის ექსპორტი დაახლოებით რვაჯერ გაეზარდა.
წელს, ქართული ვაშლი რუსეთის გარდა, კიდევ სამ ქვეყანაში გაიყიდა, თუმცა მცირე რაოდენობით.
ქართული ვაშლის მთავარი ბაზრების ჩამონათვალი ასეთია (2025/იანვარი-მარტი):
- რუსეთი – $5,2 მლნ, 8342 ტონა;
- ყაზახეთი -$15 ათასი, 60 ტონა;
- სომხეთი – $ 70 ათასი, 50 ტონა;
- ბელარუსი -$16 ათასი, 19 ტონა.
რაც შეეხება 2024 წლის წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს, საქსტატის მიხედვით, შარშან ქვეყანამ ვაშლის ექსპორტიდან ჯამში $5,8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და 8,992 ტონა ვაშლი გაყიდა. გასულ წელს, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი კვლავ რუსეთი იყო, სადაც ქვეყანამ $5,5 მლნ-ის 8,669 ტონა ვაშლი გაყიდა.