Home დღის ამბები ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის 1,5 მლნ დაიხარჯება

ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის 1,5 მლნ დაიხარჯება

ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის 1,500,000 ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაშია ნათქვამი – „ზრუნვა სოფელზე, ფერმერებზე“.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებით.

ამასთან, სააგენტოს თანადაფინანსება სურსათის უვნებლობის სტანდარტების/სისტემების მიმართულებით განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

სტრატეგიაში წერია, რომ ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არა უმეტეს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არაუმეტეს 90%-ით, არა უმეტეს 25 000 ლარისა.

„ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ აღჭურვილობა/დანადგარები, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამა სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს – საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოსთან, პროგრამების/პროექტების ფარგლებში, გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება.

პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეესტრში. ტექნიკური დახმარების პროგრამის განაცხადის ფორმა განთავსდება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge “, – ნათქვამია ანტიკრიზისულ გეგმაში.