ნიუ-იორკი, ტოკიო და სან-ფრანცისკო – ეს ის სამი ძირითადი ქალაქია, სადაც Henley & Partners Group-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ანგარიში, რომელსაც Bloomberg აქვეყნებს, აერთიანებს ადამიანებს, რომელთა ინვესტირებადი აქტივები ერთ მილიონ დოლარს ან მეტს შეადგენს.
ნიუ-იორკი სიის სათავეშია, სადაც 345,600 მილიონერი ცხოვრობს. ტოკიოში ასეთი 304,900, ხოლო სან-ფრანცისკოში – 276,400 ადამიანი იყრის თავს. ხუთეულს ავსებს ლონდონი 272,400 მილიონერით და სინგაპური – 249,800-ით.
ირკვევა, რომ მილიონერებით დასახლებული ტოპ 10 ქალაქიდან ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყრის თავს. თუმცა, ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად, 10 საუკეთესო ქალაქიდან შვიდმა 2022 წლის პირველ ნახევარში მდიდარი მაცხოვრებლების არც ისე მცირე ნაწილი დაკარგა: ნიუ-იორკში მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ტოკიოში კი – 8%-ით. ლონდონში, რომელიც ათეულში მეოთხე ადგილს იკავებს, მილიონერების კლების მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
თუმცა, საპირისპიროს თქმა შეიძლება სან-ფრანცისკოზე, სადაც მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეთა რიცხვი 4%-ით გაიზარდა. მას მოჰყვება სინგაპური 1%-იანი ზრდით და ჰიუსტონი – 6%-ით, რომელიც ყველაზე მეტი მილიონერით დასახლებული ქალაქების ათეულში მე-8 ადგილზეა.
Henley & Partners-ის ანგარიში აჩვენებს, რომ წელს ყველაზე სწრაფად მზარდი მილიონერები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადს და შარჯას ჰყავს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მესამე ყველაზე დასახლებულ ქალაქს. აბუ დაბი და დუბაი ასევე იმ ქალაქებს შორისაა, სადაც მილიონერების ყველაზე სწრაფად მზარდი რაოდენობაა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მილიონერთა რეკორდულ შედინებას მდიდარი რუსების ემიგრაციამ შეუწყო ხელი, რადგან ქვეყანა მათ დაბალი საგადასახადო რეჟიმით და ახალი საცხოვრებელი სქემებით იზიდავს.
უმდიდრესთა ქალაქების სიაში მეცხრე და მეათე ადგილებს, პეკინი და შანხაი იკავებს. ათეულში ამ ქალაქების ბოლო ადგილებზე განაწილების მიზეზი კი ისაა, რომ Henley & Partners Group-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ჩინეთი რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელსაც წელს ყველაზე მეტი მილიონერი ტოვებს.
დაბოლოს, გთავაზობთ მილიონერებით დასახლებულ TOP-20 ქალაქის სრულ სიას:
1. ნიუ იორკი
2. ტოკიო
3. სან-ფრანცისკო
4. ლონდონი
5. სინგაპური
6. ლოს-ანჯელესი და მალიბუ
7. ჩიკაგო
8. ჰიუსტონი
9. პეკინი
10. შანხაი
11. სიდნეი
12. ჰონკონგი
13. ფრანკფურტი
14. ტორონტო
15. ციურიხი
16. სეული
17. მელბურნი
18. დალასი და ფორტ უორტი
19. ჟენევა
20. პარიზი.