2012-2019 წლებში შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ, – ამის შესახებ ნათქვამია ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება.
გეგმაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება.
„ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა. აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად”, – ნათქვამია გეგმაში.
ამასთანავე, 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში, 5 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში – ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში – ირიგაციი საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის – 40 ლარი).
„10 ჰექტარზე მეტი სავარგული შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება”, – ნათქვამია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში.