საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ. შედეგად კი ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს თანხის ბრუნვამ 12 603 569 ლარი, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში – 504 142 ლარი შეადგინა. ბრალდებულების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 155 897 აშშ დოლარი, 8 730 ევრო და 66 673 ლარი.
გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
https://www.facebook.com/sssgeo/videos/1558626854318302/