დედამიწაზე ბევრი საოცარი ადგილი არსებობს, რომლის მონახულებაც ერთ დიდ ისტორიას ჰგავს, მაგრამ არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ამოუწურავია და ყოველ ნახვაზე მას თავიდან აღმოაჩენთ. ერთ-ერთი ასეთია იელოუსტოუნის ეროვნული პარკი აშშ-ში.
იელოუსტოუნის ეროვნული პარკი უაიომინგის, მონტანასა და აიდაჰოს ტერიტორიებზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მასშტაბები არც ისე მოკრძალებულია. პარკი აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ულისე გრანტის ბრძანებით, 1872 წლის 1-ლ მარტს დაარსდა. პარკი განთავსებულია იელოუსტოუნის პლატოზე, ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე და გამორჩეულია იმითაც, რომ იელოუსტოუნი პირველი ეროვნული პარკი იყო აშშ-ისა და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით. პარკი ცნობილია ველური ბუნებითა და გეოთერმული მახასიათებლებით, განსაკუთრებით, ცნობილი Old Faithful გეიზერით. იელოუსტოუნში ყველაზე უხვად სუბალპური ტყეებია წარმოდგენილი, შედის სამხრეთ-ცენტრალური კლდოვანი ტყეების ეკორეგიონში.
ველური ბუნება
იელოუსტოუნის ეკოსისტემა მოიცავს, ასევე, გრენდ-ტიტონის ეროვნულ პარკს, ეროვნულ ტყეთა ზონებს, ველური ბუნების და სხვა საჯარო თუ კერძო მიწის ნაკვეთებს. გარს აკრავს გარდამავალი ზონა, იქ საქონელსა და სამარცვლე ელევატორს უფრო წააწყდებით, ვიდრე ირემსა და გრიზლის, მგლის ყმუილის ნაცვლად კი შავი ლაბრადორის ყეფას გაიგონებთ.
იელოუსტოუნის პლატოს სიმაღლეს მისი სერიოზული გეოლოგიური მიზეზი განაპირობებს. ზუსტად მის ქვეშაა ვრცელი ვულკანური ზონა, დედამიწის მანტიასა და ქერქში გამავალი გიგანტური არხი. ეს თერმული ნაკადი აერთიანებს მაგმის ორ კერას, რომელიც ნახევრად მდნარი ქანისგან შედგება და დედამიწის ზედაპირს ფეიერვერკს ამსგავსებს.
პლატოზე გეოლოგებმა სამ უზარმაზარ კალდერას (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული. აქვს ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თითქმის ბრტყელი ფსკერი – რედ.) მიაკვლიეს.
ეს ნაიარევები დედამიწას ლავის ამოფრქვევებმა დაუტოვეს, რომლებიც აგერ უკვე 2,1 მილიონი წელია აქტიურობენ. ვულკანური ძალებით გამოწვეული აფეთქებების გამო, მეტსახელიც შეერქვა იელოუსტოუნის ცხელ წერტილს – სუპერვულკანი. ჩვეულებრივი ვულკანები გვხვდება ტექტონიკური ფილების კიდეებზე; ხოლო სუპერვულკანები პირდაპირ ამ ფილაქნების შუაგულიდან ამოიტყორცნებიან. იელოუსტოუნი კი, თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით, როგორც ჩანს, ამ სუპერვულკანებშიც კი, მთელ დედამიწაზე ყველაზე დიდია.
დღეს იელოუსტოუნი ველურ ცხოველთა ნამდვილი თავშესაფარია.
ცხელი წერტილი
იელოუსტოუნის ეროვნული პარკი მიძინებული ვულკანის თავზე დგას და იქ უფრო მეტი გეიზერი და ცხელი წყაროა, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილას. საოცრება მრავლადაა ამ მართლაც უნიკალურ ეროვნულ პარკში, დაწყებული ადგილებიდან, როგორიცაა Yellowstone Grand Canyon, ველურ ბუნებამდე, როგორიცაა: კამეჩების უდიდესი ნახირი, გრიზლი დათვები და მგლები.
მსოფლიოს ჰიდროთერმული მახასიათებლების დაახლოებით 50 პროცენტი იელოუსტონის ეროვნულ პარკშია თავმოყრილი, რაც ქმნის ეფექტს, რომ მიწა ცეცხლშია. გეიზერებიდან ყველაზე ცნობილია Old Faithful – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ბუნებრივი საოცრება შეერთებულ შტატებში.
ტერიტორიის ვულკანური და ტექტონიკური ხასიათის გამო, იელოუსტოუნის კრატერი ყოველწლიურად 1 000-დან 2 000-მდე ვიბრაციას განიცდის. ზოგჯერ მოკლე დროში დიდი რაოდენობით ბიძგი ფიქსირდება. ეს არის ერთ-ერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც წლის განმავლობაში ათასობით მიწისძვრა ფიქსირდება.
იღვიძებს თუ არა ვულკანი?
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ იელოუსტოუნის ვულკანი იღვიძებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლოდინი გამართლდა, აპოკალიფსი გარდაუვალი იქნება. რადგან ბოლო პერიოდში მიძინებული ვულკანის გამოღვიძების ნიშნები აშკარად შეინიშნება, მეცნიერების ეს ვარაუდიც სულ უფრო მეტად ახლოს არის რეალობასთან.
რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი 2017 წლის ოქტომბერში ვულკანიდან შავი კვამლი ამოვიდა, რამაც ერთგავარად პანიკა გამოიწვია. მაშინ დადასტურდა, რომ ეს იყო გეიზერი Old Faithful, რომლის მიერ ცხელი წყლის ამოფრქვევის მასშტაბი დაახლოებით 9-სართულიან შენობას უდრიდა. გაუგებარი დარჩა, რატომ იყო შავი კვამლი და არა ორთქლი? შესაძლოა, ეს არის დამწვარი ორგანული ნივთიერება, რომელიც ზედაპირს მიუახლოვდა.
რას უნდა ველოდოთ?
თავისი არსებობის განმავლობაში იელოუსტოუნის ვულკანი სამჯერ ამოიფრქვა – პირველი ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 2 მლნ წლის წინ, მეორე – 1,3 მილიონი წლის წინ, ხოლო ბოლოს ეს 630 000 წლის წინ მოხდა.
სუპერვულკანი იელოუსტონის ეროვნული პარკის ქვეშ 2004 წლიდან რეკორდული ტემპით იზრდება. ის შეიძლება აფეთქდეს ათასჯერ უფრო დიდი ძალით, ვიდრე რამდენიმე ასეული ვულკანი ერთდროულად მთელ დედამიწაზე.
ნებისმიერ მომენტში, ამოფრქვევით, მას შეუძლია გაანადგუროს შეერთებული შტატების ტერიტორია, რამაც შესაძლოა მსოფლიო კატასტროფაც კი გამოიწვიოს – აპოკალიფსი, როგორც ამას ზოგიერთი ამერიკელი მეცნიერი მიიჩნევს…
ცნობისთვის, ფილმში “2012“ აპოკალიფსი სწორედ იელოუსტოუნის ვულკანის ამოფრქვევით იწყება…