სოციალურად დაუცველ პირებს პირბადეებით მთავრობა დაეხმარება – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
სესიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსში ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვით დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით.
„სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, ვისაც პირბადის შეძენა უჭირს, მუშავდება გეგმა, რომ მათთვის პირბადეების სახით დახმარება მოხდეს და ოდენობას მთავრობა განსაზღვრავს, რომ ვისაც უჭირს პირბადის შეძენა, მათ სახელმწიფოს დაეხმარება“, – განმარტა დეპუტატმა.
რაც შეეხება იმას, რა ტიპის დაწესებულებებში იქნება გამონაკლისად დაშვებული პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნა, ამას მთავრობა განსაზღვრავს.
„პირბადის სავალდებულოდ ტარება შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს, სადაც დღის განმავლობაში გენერირდება დიდი რაოდენობით კონტაქტები და ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია და მეორე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამის შემდგომი დაკონკრეტება, რომელ დაწესებულებებს ეხება და რომელ ლოკაციებზე უნდა იყოს გამოყენებული, ეს მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებებში უნდა დაკონკრეტდეს“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
პირბადეების გამოუყენებლობისთვის ჯარიმების დაწესების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.