სოფელ შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო. დღეს 20 მოსწავლეზე გათვლილი შენობის საძირკველი გაიჭრა. სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ასრულებს.
შატილის ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან მას შემდეგ მიიღო, რაც სკოლის შენობა ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.
სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო.
ახალი პროექტის თანახმად, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება. სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე – სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.
უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა-მოწყობილობები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მშენებლობის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება, რაც დიდწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1,5 მლნ ლარია.