თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე, უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანმანათლებლო ცენტრში, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, ცენტრში ჩამოსული იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
საგანმანათლებლო ცენტრის ინფორმაციით, მათ მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთი მონაწილე, რუსეთის ფედერაციიდან, კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
,,მშობელმა იცოდა, რომ ორგანიზაცია ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. კონფერენციის
მსვლელობის დროს ბავშვი მშობლის ყურადღების მიღმა დარჩა და სამწუხაროდ ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში.
ცენტრის თანამშრომლებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად,
თუმცა სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა. მისი ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო”,- აცხადებენ საგანმანათლებლო ცენტრში.
გარდაცვლილს საკუთარ ქვეყანაში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.