ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შეზღუდვები დაწესდა. სოფლის შესასვლელ- გასასვლელში გაშლილია სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ ტერმოსკრინინგი , საჭიროების შემთხვევაში კი ადგილობრივების PCR ტესტირება მოხდება.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიების მიზეზი მოქალაქეთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობაა, რის გამოც სხვა შეზღუდვებთან ერთად საჯარო სკოლაში სწავლა დღეიდან დისტანციური მეთოდით იქნება .
სოფელ ერისიმედში 58 წლის ქალს და მეუღლეს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუფიქსირდა. ცნობილია, რომ დაინფიცირებულებს კონტაქტი ადგილობრივების უმრავლესობასთან ჰქონდა.
რეგიონში, კორონავირუსით დაინფიცირების 74 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგების განცხადებით, კახეთში ეპიდსიტუაცია მართვადია.