2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება.
აღნიშნულს ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს, 2023 წლიდან კი, მისი განხორციელება დაიწყება.
როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, სტრატეგიის პროექტის თანახმად, სკოლებში მონიტორინგიც განხორციელდება, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება სპორტის გაკვეთილი და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი.
„სტრატეგიის პროექტის მიხედვით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიური ჩატარება სკოლებში სავალდებულო გახდება. სტრატეგიის პროექტში ასევე ჩადებულია, რომ განხორციელდება მონიტორინგი სკოლებში, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება ეს გაკვეთილი და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი“, – განაცხადა ღვინიანიძემ.
რაც შეეხება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტებს, როგორც ღვინიანიძემ აღნიშნა, საქართველოში მათი ნაკლებობის პრობლემაც დგას.
„ეს პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური აღზრდის 11 ათასი სპეციალისტი სჭირდება ქვეყანას. ფიზკულტურის მასწავლებლად დღეს აღნიშნული რაოდენობის პირი მუშაობს კიდეც, მაგრამ მათგან მხოლოდ 3500-ია ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი. 7 ათასზე მეტ შემთხვევაში ამას ითავსებენ სხვა პროფესიის მასწავლებლები, რომლებსაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ. პრობლემაა ის, რომ ქვეყანა არ უშვებს ამ კადრებს. ფიზკულტურის გაკვეთილი სკოლებში დაჩაგრულია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია ინფრასტრუქტურაში და აღჭურვილობაში. როდესაც ჩვენ შვილებს სკოლაში ვუშვებთ, იქ ნომერ პირველი საზრუნავი არის მათი უსაფრთხოება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ეს არის უპირველესი საკითხი, თუმცა ეს საკითხები თითქოს გვავიწყდება და მეორე პლანზე გადაგვაქვს. უცხოეთში კარგი მაგალითებია, მათ შორის ის, რომ სკოლას არ მიიღებენ ექსპლუატაციაში, თუ მას არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა ფიზიკური აქტივობის გაკვეთილის ჩასატარებლად. ეს არის პირველი რიგის საკითხი და მისი იგნორირება არ შეიძლება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტროს დაგეგმილი აქვს გარკვეულწილად ამ საკითხის მოგვარება და ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – განაცხადა ღვინიანიძემ და დასძინა, რომ სპეციალისტების გადასამზადებლად უნივერსიტეტებისთვის შესათავაზებელი კურიკულუმები მზადდება და წამახალისებელი ღონისძიებებიც დაიგეგმება.