გასულ კვირას მსოფლიო მილიარდერ სემ ბენქმენ-ფრიდის დაღმასვლას ადევნებდა თვალს. ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი და ამავე პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 50 უმდიდრეს ამერიკელს შორის იყო, უდიდესი კრიპტო კოლაფსის პროტაგონისტად იქცა.
FTX-ის გაკოტრდა. ამას წინ უძღოდა მისი შვილობილი კომპანიის, Alameda Research-ის შესახებ Coindesk-ის სკეპტიკური ანგარიში. გამჟღავნდა, რომ Alameda-ს 5.8 მილიონი დოლარის აქტივები მიბმული იყო FTX-ის ტოკენზე, FTT-ზე, რის შემდეგაც ინვესტორებმა სასწრაფოდ თანხის გატანა დაიწყეს. მოგვიანებთ, ბენქმენ-ფრიდმა VOX-ის რეპორტიორთან დაადასტურა, რომ ვაჭრობისთვის პლატფორმის მომხმარებლების აქტივები იყო გამოყენებული.
ბენქმენ-ფრიდის ქონება $17 მილიარდიდან $1 მილიარდამდე რამდენიმე დღეში შემცირდა. Forbes-ის თანახმად, მისი აქტივები ახლა შესაძლოა, ნულთან ახლოსაც კი იყოს. თუმცა FTX-ის დამფუძნებლის ამბავი ერთადერთი არაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მის მსგავსად კიდევ ბევრ მილიარდერს დაუკარგავს ქონება სხვადასხვა მიზეზით. მათ ჩამონათვალს, Forbes-ის მიხედვით, ამ სტატიაში გთავაზობთ.
- ქანიე უესთი
ანტისემიტური კომენტარების, კონსპირაციული თეორიებისა და სხვა საკამათო ქმედებების შემდეგ, რეპერსა და დიზაინერს კონტრაქტი Adidas-მა ოქტომბერში შეუწყვიტა. ამას მოჰყვა Gap-თან 10-წლიან კონტრაქტზე მუშაობის შეწყვეტა, Ye-ს კონტრაქტი Balenciaga-მ, Foot Locker-მა, CAA-მ და JPMorgan-მაც შეუჩერეს. მიუხედავად მისი ბიზნეს იმპერიის დამხობისა, ქანიე უესთი კვლავ ფლობს, დაახლოებით, 400 მილიონ დოლარს საკუთარი უძრავი ქონების, მუსიკალური კატალოგის, ნაღდი ფულისა და კომპანია Skims-ში 5%-იანი წილის ხარჯზე.
- ჯონ კაპური
ჯონ კაპური ოპიოიდის მწარმოებელი კომპანიის, Insys Therapeutics-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2017 წლის ოქტომბერში კაპური დააკავეს და ბრალად დასდეს ექიმების მოსყიდვა იმ მიზნით, რომ მათ კომპანიის მიერ შექმნილი, სიმსივნით გამოწვეული ტკივილის გამაყუჩბელი პრეპარატი, ფენტალინის აეროზოლი Subsys გამოეწერათ პაციენტებისთვის, რომელთაც სინამდვილეში ეს წამალი საერთოდ არ სჭირდებოდათ. Insys გაკოტრდა და ოპერირება 2019 წელს შეწყვიტა. ბიზნესმენს ხუთ-ნახევარ წელი მიესაჯა და Forbes-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა. 2015 წელს მისი ქონება 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი შეფასებული არაა.
- ეიკე ბატისტა
ბრაზილიელი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მეწარმე ეიკე ბატისტა ერთ დროს ირწმუნებოდა, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა. 2012 წელს, როდესაც მისმა ქონებამ 30 მილიარდ დოლარს მიაღწია და მისი ენერგოკომპანიების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, ეს შესაძლებლადაც ჩანდა. თუმცა 1 წლის შემდეგ, წარმოებისა და ფინანსური მიზნების ვერშესრულების გამო, მისმა იმპერიამ ჩამოშლა დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში მყოფმა ნავთობის კომპანია OGX-მა ნავთობის მარაგების მაჩვენებელი გააბუქა. კომპანიამ დეფოლტი 2013 წელს განიცადა. ეს ლათინური ამერიკის ისტორიაში უმსხვილესი მასშტაბის კორპორაციული დეფოლტი იყო. 2018 წელს ბატისტას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რიო დე ჟანეიროს მერის, სერგეი კაბრალის მოსყიდვის ბრალდებით, რომელმაც სახელმწიფო კონტრაქტის სანაცვლოდ ბიზნესმენისგან 16.5 მილიონი დოლარი მიიღო. 2012 წელს ბიზნესმენის ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი შეფასებული არაა.
- ადოლფ მერქლე
მერქლე გერმანელი ინდუსტრიალისტი იყო, რომლის ინვესტიციებსაც 2008 წლის კრიზისი მძიმედ შეეხო. სიტუაცია კიდევ უფრო გაურესდა, როდესაც მისმა ფსონმა ავტომობილების მწარმოებელ Volkswagen AG-ის წინააღმდეგ, არ გაამართლა. იმავე წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ კომპანიის შესაძენად საავტომობილო გიგანტი Porsche იბრძოდა. Volkvswagen-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა, მერქლეს ფინანსური მდგომარეობა გაურესდა. 2009 წელს ის მოძრავ მატარებელს წინ გადაუდგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადოლფის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ოჯახის იღბლის შემობრუნება შეძლო და ამჟამად მისი ქონება 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2007 წელს ადოლფ მერქლე 12.8 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობდა.
- მიხეილ ხოდოროვსკი
რუსული ნავთობისა და გაზის გიგანტის, Yukos-ის ყოფილი მმართველი ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო. 2004 წელს მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პუტინთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ ხოდოროვსკი დააპატიმრეს გადასახადების თავიდან არიდების, მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიდა. რუსეთში ნავთობის უდიდესი კომპანია ნაწილებად დაიშალა და 2006 წელს გაკოტრდა. მისი აქტივების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Rosneft-მა ჩაიგო ხელთ. ბიზნესმენი 2013 წელს შეიწყალეს. დღეს ის ლონდონში ცხოვრობს და ვლადიმერ პუტინის აქტიურ კრიტიკოსად რჩება.