სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები იზრდება. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვეში სამოხელეო დანაშაულის 533 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 27.58% ანუ 147 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში კი ამ სახის დანაშაულის 529 ფაქტი აღირიცხა და მათგან 98, ანუ 18.53% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ფაქტები, შესაბამისად, 101.89%-ით, 35.9%-ით, 3.75%-თა და 28%-ით.
კერძოდ, იანვარ-ნოემბერში სამსახურებრივი გულგრილობის -107, სამსახურებრივი სიყალბის – 53; ქრთამის აღების – 32 და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 83 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ უწყების ოფიციალური სტატისტიკით, ყველა სხვა ტიპის დანაშაული შემცირებულია.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 219 – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და 9 ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ დარღვევებზე, სტატისტიკა წლიურად შესაბამისად, 22.06%-თა და 10%-ით არის შემცირებული.