საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ თოხლიაურში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა და თქვა, რომ 2016 წელს აღიარების კომისიის მიერ ათი ჰექტარი მიწა მათ გარეშე, ფარულად გასხვისდა .
აქციის მონაწილეების თქმით, საძოვრების გამო სოფელმა სამართლებრივი დავა დაიწყო და სასამართლომ პირველ ინსტანციაში მოსახლეობა გაამართლა, თუმცა პირობითმა მფლობელმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ადგილობრივების განმარტებით, ტეროტორიაზე დავა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება, ამიტომ ისინი საძოვრების ტერიტორიაზე თხრილის გაყვანის სამუშაოებს უკანონოს უწოდებენ.
ამ თემაზე განმარტებები ადგილობრივ ხელისუფლებაში გაკეთდა. საგარეჯოს მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მომართვის საფუძველზე საძოვრების ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყვეტილია და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე მფლობელი სამუშაოებს აღარ განახორციელებს.