ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 17,9% ანუ 665 992 ადამიანი იღებდა, ეს კი 28 245-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 637 747 ადამიანი იყო.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 75 902-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.
კერძოდ, თუ 2021 წლის ნოემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 085 443 ადამიანი, 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1 161 345-მდე გაიზარდა. აქ მატება 7%-ია.