საქართველოს მთავრობამ მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი დაამტკიცა. როგორც 17 იანვრის დადგენილებიდან ირკვევა, საქართველოში კვერცხმდებელი ქათმის საწარმოებისთვის ავტორიზაცია სავალდებულო გახდება.
დადგენილების თანახმად, „მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესის“ მიზანია მეკვერცხული საწარმოს ავტორიზაცია (განმასხვავებელი ნომრით), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განთავსებული კვერცხის მიკვლევადობა.
როგორც დოკუმენტშია განსაზღვრული, მეკვერცხული მიმართულების საწარმოდ ითვლება ადგილი, სადაც ხდება კვერცხმდებელი ქათმის შენახვა კვერცხის წარმოებისთვის და არ არის განკუთვნილი სანაშენედ/ინკუბატორისათვის.
მთავრობის გადაწყვეტილებით ამ ტიპის საწარმოების ავტორიზაცია სავალდებულო 2025 წლის იანვრიდან გახდება, ხოლო 2025 წლის 1-ლი ივნისიდან დაუშვებელი იქნება იმ საწარმოთა ფუნქციონირება, რომელთაც არ ექნება რეგისტრაცია გავლილი და საჯარო რეესტრში არ იქნება მითითებული გარკვეული ინფორმაცია მათ შესახებ, მათ შორის, საწარმოს დასახელება/მისამართი, მფლობელის ვინაობა და ა.შ.