საქართველოში დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკი შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დნმ-ის კოდის და თითის ანაბეჭდის ნიმუშების დამუშავება გამოძიების თანამედროვე მეთოდებს შორის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია.
დნმ-ის კოდის/თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზის გამოყენებით დგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, ასევე შესაძლებელია უდანაშაულო პირების განსაზღვრა. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მსგავსი სახის მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოთავსდება და შეინახება დნმ-ის კოდის პროფილი.
გამომდინარე აქედან, შემუშავდა „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკის შექმნისთვის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციის შექმნას და ამ გზით საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას,“- აღნიშნულია გეგმაში.