საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ.
ამის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.
იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.
როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ორი რეისი შესრულდება.
“საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით გუშინ საბოლოოდ შეთანხმდა ეს გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ იტალიაში დაკეტილია აეროპორტები, გაუქმებულია რეისები, პრობლემატური იყო რომის აეროპორტში ორი სლოტის მიღება. უკვე გაფრინდა ორი თვითმფრინავი და დღეს საღამოს დაბრუნდებიან. ჩვენს ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, მიეცათ ეკიპირება“, – აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და მოქალაქეები არაფერს იხდიან.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა. პირდაპირი ფრენები ასევე შეწყვეტილია ჩინეთთან და ირანთან.