საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა – ამის შესახებ CRRC-ის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ EU-ში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მოსაზრებას ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები, ახალგაზრდები, თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეები ეთანხმებიან.
ანგარიშში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს პროდასავლური ორიენტაცია აქვთ და სურთ, საქართველო დასავლეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემას შეუერთდეს. ასეთი გამოკითხულთა 47%-ია. კითხვაზე: რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა? – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 43% დასავლურ ქვეყნებს, 20% კი რუსეთს ასახელებს. ოპოზიციის მხარდამჭერთა 66% კი დასავლეთს ირჩევს, რუსეთი მხოლოდ 10%-ს სურს. დასავლეთთან ინტეგრაცია ყველაზე მეტად 18-დან 34 წლის ახალგაზრდებს სურთ, ყველაზე ნაკლებად 55 წელს გადაცილებულ მოსახლეობას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ასევე აცნობიერებენ, რომ ქვეყნის დასავლეთთან უფრო მეტად დაახლოებამ, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული ქმედებები გამოიწვიოს.
ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთიდან მომდინარე პოტენციური სამხედრო საფრთხეების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად CRRC-საქართველომ გასული წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა ჩაატარა.