საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მათი შეფასებით, 1918 წლიდან დღემდე საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი და გაძლიერების გზით მიდის, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში საბოლოოდ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
“საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა თავისი მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა საუკეთესო კონსტიტუციით და ადამიანის, ერის იმ უფლებებით და იმ საჭიროებებით განმსჭვალული , რაც მნიშვნელოვანია და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ არის 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლო და იმ უწყვეტი მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც მოდის საუკუნეების წიაღიდან , გრძელდება 1918 წლის 26 მაისის დემოკრატიული რესპუბლიკით და დღევანდელი საქართველო, რომელიც განუხრელად მიდის თავისუფლების, დემოკრატიის და გაძლიერების გზით. მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს,”- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.