2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო წარდგენილი, 2021 წელს კი მათი რაოდენობა 14 600-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ქართველების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრების უკანონი კვეთის 30 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2020 წლის მონაცემების იდენტურია.
ამასთან, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს წევრ ქვეყნებში უკანონოდ საქართველოს 13 000 მოქალაქე იმყოფებოდა, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 10 165-ს შეადგენდა.
„50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა”, – აღნიშნულია ანგარიშში. კერძოდ, 2021 წელს, წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3 105 მოქალაქეს უთხრეს.
ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა 2021 წელს 13%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება 10 595 მოქალაქესთან დაკავშირებით მიიღეს, 2020 წელს კი ეს რაოდენობა 12 120-ს შეადგენდა. შემცირდა საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობაც. კერძო, ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა 5 495 მოქალაქე, 2020 წელს კი – 6 330 მოქალაქე.
„თუმცა Frontex-ი იუწყება, რომ 2021 წელს ევროკავშირის რეადმისიის შესახებ შეთანხმება დამაკმაყოფილებლად შესრულდა. რამდენიმე წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოსთან, კერძოდ, უკუმიმართულებით ფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.