სატურნის მინიატურული თანამგზავრი ენცელადი თითქოს საკუთარი ყინულით დაფარული ზედაპირის სიღრმეში თბილი წყლით სავსე ოკეანეს არ უნდა მალავდეს, მაგრამ მისი ერთი შეხედვით უსიცოცხლო სივრცეები თოვლის მსგავსი მატერიით არის სავსე, რომელიც უზარმაზარია, რაც მეცნიერებისთვის ნამდვილ თავსატეხს წარმოადგენს.
ახალი კვლევის თანახმად ეს მცირე ზომის მთვარე დიდი ხნის წინ ტექტონიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინათ ფიქრობდნენ. გავარვარებული მაგმა მასიურ გეიზერებს მაღლა ტყორცნიდა, რომლებიც მომენტალურად ცივდებოდა და იყინებოდა. გეიზერები ენცელადის ზედაპირზე ამჟამადაც იტყორცნება, თუმცა შედარებით უფრო იშვიათად.
მკვლევარებს ბოლომდე არ სურთ იმის დაშვება, რომ ენცელადის ზედაპირზე თოვს. ისინი ფიქრობენ, რომ თოვლის ნაცვლად გეიზერებიდან რეგოლიტი იყრება, თუმცა ჯერჯერობით არ იციან, თუ რა შემადგებლობისაა ის გაყინული რეგოლიტი, რომელიც ენცელადის ზედაპირზე გვხვდება.
მეცნიერებს პასუხი არ გააჩნიათ იმასთან დაკავშირებითაც, შესაძლებელია თუ არა, რომ ენცელადზე ყინულის საფარის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე არსებობდეს. გამოსარკვევად კარგი იქნებოდა ენცელადზე ზონდის გაგზავნა, რომელიც შეისწავლიდა სატურნის ამ მთვარის ზედაპირს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ საკუთარ გიგანტურ დედა ცთომილთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად ენცელადს გამდნარი მაგმისგან შექმნილი გული გააჩნია, რომელიც მის სიღრმეში თბილი ოკეანის არსებობას უზრუნველყოფს, ხოლო თბილი ოკეანე, როგორც ცნობილია, სიცოცხლის წარმოშობის და განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.
ოდესმე თუ ჩვენ შევძლებთ და რობოტიზებულ ზონდს გავგზავნით ენცელადის ზედაპირის გამოსაკვლევად, მის სიღრმეში ოკეანის არსებობა თავისთავად ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. უმნიშვნელოვანესი შეკითხვებია, თუ რამდენად არის სიცოცხლე ჩვეული მოვლენა სამყაროსთვის, ხოლო თუ არის, იმეორებს თუ არა ის განვითარების ერთსა და იმავე კანონზომიერებებს თუ სრულიად განსხვავებულ ფორმებს ქმნის.