სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა – ექიმებმა და მძღოლებმა, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელფასის მატება და ღირსეული სამუშაო პირობები მოითხოვეს.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
„დიდი ხანია უკვე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში დასაქმებულები აფიქსირებენ მათ სამუშაო ადგილზე არსებულ პრობლემებს. მათი პირველი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. სამწუხაროდ, ეს ვერ მიიღეს, პირიქით, დამსაქმებელმა დისკრიმინაციის მიზნით, რადგანაც პროფკავშირები ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მათ გვერდში უდგას და დასაქმებულების უფლებებს იცავს, დისკრიმინაციის პრინციპით, დევნა დაიწყო.
დევნაში იგულისხმება: თხოვნის სახით, მუქარის სახით, დაპირებების სახით დადიოდნენ ფილიალებში და ცდილობდნენ მოლაპარაკებებიდან პროფკავშირები გაეყვანათ. 10 წელია ისინი მე-13 ხელფასს იღებენ 100%-ით, შარშან კი სასწრაფოში დასაქმებულები დასაჯეს და 70% ჩაურიცხეს. დასაქმებულებს არ აქვთ დაზღვევა, „კოვიდი“ მძვინვარებს და სასწრაფო სამსახურის მანქანების დეზინფექცია აღარ ხდება, პაციენტების და მედ-პერსონალის დაინფიცირება რისკის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, დღეს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში დასაქმებულებმა დააფიქსირეს არსებული პრობლემები”, – განაცხადა ამირანაშვილმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნინო ჯოგიაშვილის განმარტებით, მას და მის თანამშრომლებს დეკემბრის ბოლოს ჯანმრთელობის დაზღვევა გაუუქმდა და მათთან ახალ კონტრაქტორს დღემდე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
„დაზღვევები აღარ გვაქვს, მორიგეობებიც შეგვიმცირდა ხალხის დამატების ხარჯზე, ხელფასი რაც გვქონდა, ისიც აღარ გვაქვს. ჩვენს საქმეში მედიატორი ორჯერ იყო ჩართული, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა. არაფერზე არ არიან წამსვლელები, პრემიერმა 10%, რაც დააანონსა, მხოლოდ იმას მოგვიმატებენ და ეს 10% ზღვაში წვეთია. დეკემბრის ბოლოს დაზღვევები გაუქმდა და კონტრაქტორი ჯერ არ შემოსულა. შემთხვევა იყო, როცა ექიმს „კოვიდი“ დაუდასტურდა და ბიულეტენიც ვერ გახსნა იმიტომ, რომ ჩვენ კერძო დაზღვევაზე ვიყავით და სახელმწიფო აღარ მოემსახურა. სანამ ახალი კონტრაქტორი შემოვა, ფაქტობრივად, ღმერთის იმედად ვართ, რაიმე არ დაგვემართოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო ჯოგიაშვილმა.