ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული აქტივი სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ პანკისში, ხიდის კიბეები მდინარის კალაპოტში არასწორად დაამონტაჟა იქ, სადაც მდინარე ალაზანი ჩამოედინება და ამ მიზეზით მოსახლეობა ამ ხიდით ვერ სარგებლობს.“
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ „ხიდთან მისასვლელი გზა სტიქიური მოვლენის დროს რამდენიმე კვირის წინ ღვარცოფმა წაიღო, თუმცა პრობლემაზე რეაგირება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დროულად მოხდა და ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო.“
ენმ-ს კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი კი მუნიციპალიტეტის მერიას პასუხობს: „სასაცილოც აღარ არის და მარაზმს დაემსგავსა მუნიციპალიტეტების ესეთი პასუხები და გამოხმაურებები ჩვენს განცხადებებზე. კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც რეალურად ასახავს მათ მავნებლობას და უსაქმურობას. მათგან უკვე განებივრებული ვარ მყისიერი პასუხებით და მყისიერი საქმის კეთებით და რეალურად ეს წარმოსახავს მათ რეალურ სახეს“.
“რისი დანახვაც არ უნდა “ნაციონალურ მოძრაობას” მაინც ვერ დაინახავს, სამაგიეროდ ხედავს ხალხი, რამდენადაც მაგ ხიდზე 2 კვირაა ადამიანები დადიან და კალაპოტიც გაწმენდილია. “ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ახმეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში დაწყებულ დისკუსიას.
„ სინამდვილეში ადიდებულმა ალაზანმა მიმართულება შეიცვალა, რამაც მისი კალაპოტის შეცვლა გამოიწვია და ხიდთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი დაიკავა. იმის გამო, რომ ეს ხიდი ერთ სოფელს მეორესთან აკავშირებს და მოსახლეობა აქტიურად იყენებს, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ხიდთან მისასვლელი გზა მყისიერად აღადგინა”, – განმარტავს ქარუმაშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა ხიდის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა, რადგან მდინარე ალაზანზე საკუთარი ძალებით დამონტაჟებული საცალფეხო ხის ხიდი სახიფათო იყო და ადიდებულ წყალს ხშირად მიჰქონდა. 2 მეტრი სიგანისა და დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 177 ათას 115 ლარი დაიხარჯა