დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში, სადაც ქრისტიანული ტაძარი არასოდეს ყოფილა, ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც სოფელ სამთაწყაროში გაზეთ „შირაქს“ უყვებიან, ეკლესია ქეთევან დედოფლის სახელობის იქნება. მისი საძირკველი 2020 წლის 29 სექტემბერს მეუფე დიმიტრი კაპანაძემ აკურთხა. ადგილი კი წლების წინ დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფმა უწმინდესმა თავად შეარჩია.
უკვე 10 წელია სამთაწყაროს მამათა მონასტერს წინამძღოლობს მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომელსაც ხარისხი აუმაღლდა და იღუმენის წოდება მიიღო. წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო სახლში თავდაპირველად დეკანოზი ზაქარია ყველაშვილი მსახურობდა, 2014 წლიდან დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე, ხოლო 2015 წელს მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით, აქ სამთაწყაროს მამათა მონასტერი დაფუძნდა და მის წინამძღოლად იღუმენი იაკობი დაინიშნა.


ჰერეთიდან და აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტებით გაშენებულ დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში რწმენის განმტკიცების საკითხი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას იძენდა, თუმცა ამ დრომდე აქ მართლმადიდებლური ტაძარი არ ყოფილა. 1986 წლიდან სოფელში ადგილობრივების ინიციატივით წმინდა გიორგის სახელობის მცირე ნიში აიგო, სადაც ადგილობრივი ქრისტიანები ლოცვას და სანთლის ანთებას შეძლებდნენ. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სანამ ეპარქია სამთაწყაროში სამლოცველო სახლს გახსნიდა.
პატრიარქის სტუმრობის შესახებ გაზეთი „შირაქი“ წერდა:
„არხილოსკალოდან სტუმრები და პატრიარქი გაემართა სამთაწყაროსკენ, სადაც უწმინდესი სოფლის მშრომელებს შეხვდა და აკურთხა ადგილი, სადაც ადგილობრივებისთვის ქართული, ქრისტიანული ეკლესია აშენდება. სამთაწყაროდან არხილოსკალოში მიმავალმა ილია მეორემ გზად ასწლოვანი ჩინარის ხე, ადგილობრივების ყველაზე საყვარელი ადგილი მოინახულა და აკურთხა. ინგილო კაცმა, იბრაგიმ მამედოვმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიდგინა მამა-პაპური გვარი მამულაშვილი“. იმავე დღეებში „შირაქმა“ დაბეჭდა კონსტანტინე კოხრეიძის ფოტორეპორტაჟი პატრიარქის წითელწყაროში სტუმრობის შესახებ, მაგრამ აქ სამთაწყაროს კადრი არ მოიპოვება.“
სამთაწყაროში ილია მეორე 1989 წლის 8-9 ივლისს ჩაბრძანდა. ამ მოვლენის ამსახველი ფოტოები სოფლის კულტურის მუშაკს ნოდარ შაინიძეს საგულდაგულოდ აქვს შემონახული, თუმცა უცნობია ვინაა ფოტოების ავტორი.
ნოდარ შაინიძე (ქორეოგრაფი): `სადაც ახლა სამლოცველო სახლი მოქმედებს, ეს თავდაპირველად ბაღის შენობა იყო. წლების წინ სამთაწყაროში ორი საბავშვო ბაღი იყო, მაგრამ მიგრაციის პრობლემის წამოჭრის შემდეგ კონტიგენტის სიმცირის გამო საჭიროება არ იყო და ეს ბაღი გაუქმდა. გამოთავისუფლებული შენობის აღმოსავლეთ ნაწილში კულტურის სახლი შეიყვანეს, დასავლეთ ნაწილი კი მოგვიანებით ეკლესიას გადაეცა და სამლოცველო მოეწყო. ეს ფოტოები წლების წინ ხელში ჩამივარდა. ვერ გეტყვით ვისი გადაღებულია, ზედ არც თარიღებია მითითებული, მაგრამ მაშინვე ვთხოვე მოქალაქეებს, რომ აჯობებდა, თუ ამ ისტორიულ კადრებს კულტურის სახლი შეინახავდა და დაცული იქნებოდა. მას შემდეგ ასე ვინახავ“.
ტაძრის წინამძღოლი იღუმენი იაკობი გაზეთ „შირაქს“ ეუბნება, რომ ეკლესიის მშენებლობა მონასტრის ძალებით, შემოწირულობებითა და მოქალაქეთა ფიზიკური დახმარებით გრძელდება.
„ეს ადგილი 1989 წელს დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფმა უწმინდესმა შეარჩია. ცნობილია, რომ ილია II სოფელ სამთაწყაროსაც ეწვია და ამ ადგილას ჯვარი აღიმართა, უთქვამს, ტაძარი აქ აშენდესო.
ორიოდ წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს წმ ქეთევანის წმინდა ნაწილები, ისე დაემთხვა, რომ ამ პერიოდში სიწმინდე დედოფლისწყაროში იყო ჩამობრძანებული. ამიტომ მეუფეს ვთხოვე, თუ მისი ლოცვა-კურთხევა გვექნებოდა, ახალ ეკლესიას ქეთევან დედოფლის სახელზე ავაგებდით. მეუფე დიმიტრი სამთაწყაროში ჩამობრძანდა და საძირკველი სწორედ მან აკურთხა.
კოვიდპანდემიის დროს დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები და ნელ-ნელა წინ მივიწევთ. ტუფის დიდი ქვები არხილოსკალოდან ჩამოვიტანეთ. ნიკოლოზ ბენიაიძემ შემოგვწირა. სხვა ბევრი კომპანია თუ ფიზიკური პირიც გვერდით დაგვიდგა, სხვადასხვა სამშენებლო მასალები შემოგვწირეს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო. საქველმოქმედო კონცერტებიც ჩატარდა და გარკვეული თანხა ამ გზითაც შემოგვაშველეს. ძირითადად ჩვენი თანხებით. ჩვენ ადგილზე ვაწარმოებთ ვენახის ბეტონის ბოძებს და ძირითადად აქედან შემოსულ თანხას ვიყენებთ. სოფელიც გვერდში გვიდგას, ვისაც რა შეუძლია, ჩართულია ამ საქმეში. საშენი მასალით კომპანია „არწივის ხეობა“, ბატონი გელა ბიღიაშვილი გვეხმარება, ასევე ბატონი ვახტანგ კიკილაშვილი. პირველ რიგში მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მახარებს ის, რომ ადამიანებში ჯერ კიდევ დიდი ერთობა და სიყვარულია.
რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს, შავი კარკასი უკვე დავასრულეთ. ახლა გარე ფასადის მოპირკეთება და შიდა სამუშაოები დარჩა. იმედი გვაქვს, ერთობით და მრევლის მხარდაჭერით სამუშაოების დასრულებას მალე შევძლებთ და ამ მნიშვნელოვან ადგილზე ახალი ტაძარი ამოქმედდება“. – ამბობს იღუმენი იაკობ ჩაგუნავა.
დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე: „მართლმადიდებელ და მუსულმანებს შორის იყო დაპირისპირება, მაგრამ ვითარება მალევე დამშვიდდა. ისინი მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ, როგორც აჭარელი, ისე ინგილო მოსახლეობა, ამიტომ მათ შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ჩემი სოფლიდან წამოსვლის დროს გაზრდილი იყო მრევლის რაოდენობა, ბევრი მოინათლა, დადებით ცვლილებებს ნამდვილად ვხედავდი. საოცარი სიყვარულითა და სითბოთი მხვდებოდნენ, თავდაპირველად სამლოცველოში რთული ვითარება დამხვდა. შენობაში ჩამოდიოდა წვიმის წყალი, თუმცა კეთილი ადამიანების თანადგომით შემოწირულობებით შევძელით გაკეთება. მოეწყო საცხოვრებელიც და შესაძლებელი გახდა მონასტერს ეარსება“.
სამთაწყაროს მშენებარე ტაძრისთვის შემოწირულობის მსურველებს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი საბანკო ანგარიშებით:
GE68LB0211140163490000 ლიბერთი
GE27BG0000000533975527 საქართველო
GE14TB7219745068100030 თიბისი. მიმღები: ლევან ჩაგუნავა.