საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს 93 ქვეყანას 258 მლრდ დოლარის დაფინანსება გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ სახეზეა მზარდი ეკონომიკური რისკები, გეოპოლიტკური და სოციალური დაძაბულობის ზრდა, რომელიც ზრდის უთანასწორობასა და სიღარიბეს.
„ბევრ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ინფლაცია, რომელიც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ენერგორესურსების, სურსათისა და ნედლეულის ფასის ზრდა, ასევე დაფიქსირდა სამუშაო ადგილების დეფიციტი და პრობლემები მიწოდების ჯაჭვში. სახელმწიფო და კერძო ვალების მოცულობამ კი რეკორდულ მაქსიმუმებს მიაღწია“, – წერია დოკუმენტში.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში მთავრობებს მოუწევთ სულ უფრო მეტად კომპრომისული წინადადებების შემოღება, რათა წინ აღუდგნენ გაძლიერებულ ინფლაციას, გაზრდილ მაკროფინანსურ რისკებს და ეკონომიკის ზრდის შენელებას.
„მსოფლიო ეკონომიკა გადის ყველაზე სერიოზულ გამოცდას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გასულ წელს გაგრძელებული პანდემია კვლავ გახდა მიზეზი დიდი დანაკარგების ჯანდაცვისა და სოციალ-ეკონომიკურ სფეროში, ახდენდა რა გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ, რომლის სიტყვებიც ასახულია ანგარიშში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ პანდემიიდან თავის დაღწევისა და ეკონომიკების აღდგენის ფონზე კი მსოფლიოს თავს დაატყდა მეორე უპრეცედენტო რყევა – ომი უკრაინაში.
ანგარიშში წერია, რომ ამ ომმა გაზარდა მსოფლიოს გაყოფის რისკები გეოპოლიტკურ და ეკონომიკურ ბლოკებად, რასაც შეუძლია წყალში გადაყაროს ათწლეულების განმავლობაში მზარდი გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი. „ამასთანავე, ჩვენ ვერ დავაპაუზებთ კლიმატურ კრიზისსაც, სანამ ვცდილობთ დავარეგულიროთ სხვა რისკები“, – დასძინა გეორგიევამ.
ფონდის ექსპერტები თვლიან, რომ ომის შედეგები გავრცელდება უკრაინის ფარგლებიდან შორსაც, რაც დაეტყობა მიწოდების ჯაჭვებში პრობლემების გაღრმავებას, ფინანსურ სტაბილურობას, განგრძობად ინფლაციას და ეკონომიკების ზრდას. თანაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა პანდემიის მიერ მიყენებული ზიანისგან.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2020 წელს ქვეყნების ჯამურმა ვალმა 28 პროცენტული პუნქტით მოიმატა და მშპ-ს 256% შეადგინა. აქედან ნახევარი მოდის სახელმწიფოების ვალებზე, დანარჩენი კი კერძო კომპანიების.
დღეისათვის მსოფლიო სახელმწიფოების მთლიანი ვალების 40% მოდის სახელმწიფოს ვალზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 60 წლის განმამვლობაში.