ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ე არის.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საგარეჯოს მცხოვრებლები 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურებას უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ.
„საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. მთლიანობაში – იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში.
საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში 15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა.
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს, საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია.
პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრთან ერთად ახლად გახსნილი იუსტიციის სახლი დაათვალიერა.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.