ორი კვირის წინ ესპანეთში მდიდრებს ახალი, ე.წ. „სოლიდარობის გადასახადი“ დაუწესდათ, რომელიც 23,000-მდე ადამიანს შეეხება და ბიუჯეტს დამატებით 1.5 მილიარდი ევროთი შეავსებს. გადასახადი, რომელიც დროებითია და 2023-24 წლებზე ვრცელდება, მიზნად ისახავს საგადასახადო სისტემის სამართლიანობის გაზრდას, ინფლაციური წნეხის გადანაწილებას და განსხვავდება ქონების მიხედვით: 3-დან 5 მლნ ევროს ჩათვლით – 1.7%, 5-10 მლნ – 2.1%, 10 მლნ-ზე მეტი – 3.5%.
მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა განიხილება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სინგაპურში და აშშ-ს ერთ-ერთ შტატ კალიფორნიაში, ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტი, ფილიპ ლეინი კი ევროზონის ქვეყნებს მოუწოდებს, მდიდარი ხალხი და კომპანიები უფრო მეტად დაბეგრონ და მიღებული სახსრებით ენერგოკრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს დაეხმარონ.
ფისკალური პოლიტიკის ამ ინსტრუმენტის მიმართ აზრი ორადაა გაყოფილი, ბევრს მიაჩნია, რომ მდიდრებისთვის მაღალი გადასახადის დაწესება შემოსავლის თანაბრად გადანაწილებას უწყობს ხელს საზოგადოებაში და ზრდის თანასწორობას, სხვები კი ამბობენ, რომ მაღალი გადასახადები ამცირებს მდიდრების მოტივაციას, გააგრძელონ ინვესტირება იმგვარად, როგორც ამას დაბალი გადასახადების პირობებში აკეთებდნენ და შესაბამისად, დაიკლებს ტექნოლოგიური, სამედიცინო პროგრესის ტემპი და ცხოვრების ხარისხი.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ თეორიას მივემხრობით, ფაქტია, გადასახადების ზომას დიდი გავლენა აქვს მდიდრების გადაწყვეტილებებზე, თუ სად იცხოვრონ, იმუშაონ და დააბანდონ ფული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც მაღალშემოსავლიანებს ყველაზე მეტად ბეგრავს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით (OECD).
პორტუგალია
პორტუგალიის მთავრობა 47.2%-მდე პროგრესულ გადასახადს აწესებს შემოსავალზე დასაქმებიდან, ბიზნესიდან და პროფესიული საქმიანობიდან, 28%-ს კი საინვესტიციო თუ უძრავი ქონებიდან შემოსავალზე, წმინდა ღირებულებისა თუ პენსიების ზრდაზე გადასახადი 28%-ია. 2016 წელს ქვეყანაში დამატებით 3.5%-იანი გადასახადი შემოიღეს მინიმალურ ხელფასზე ზემოთ შემოსავალზე.
სლოვენია
სლოვენიაში გადასახადი დასაქმებიდან, ბიზნესიდან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებიდან, ქირიდან და კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალზე წესდება. ყველაზე მაღალი პროგრესული გადასახადის დონე 50%-ია.
ბელგია
ბელგია თავისი რეზიდენტებისთვის როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ გადასახადებს აწესებს. ფიზიკური პირები იბეგრებიან როგორც უძრავ და მოძრავ ქონებაზე, ასევე პროფესიულ თუ სხვა შემოსავლებზე. ყველაზე მაღალი დონე პროგრესული გადასახადისა აქაც 50%-ია.
ფინეთი
ფინეთში ინდივიდუალური შემოსავალი ეროვნული, მუნიციპალური ან სოციალური უსაფრთხოების გადასახადით იბეგრება. ეკლესიის მრევლი დამატებით გადასახადს იხდის. საშემოსავლო გადასახადს აქვს პროგრესული სახე და მაქსიმუმ, 31.25%-ს აღწევს.
შვედეთი
შვედეთშიც მთავრობა გადასახადს ბიზნესისგან, კაპიტალისგან და დასაქმებისგან შემოსავალზე აწესებს, რომლის ჭერიც 57.1%-ს შეადგენს.
გარდა ამ ხუთი ქვეყნისა, გადასახადები ყველაზე მაღალია შემდეგ სახელმწიფოებში: (აქ შედის როგორც საშემოსავლო, ასევე სხვა ტიპის გადასახადი)
იაპონია – 55.9%
დანია – 55.9%
საფრანგეთი – 55.4%
ნიდერლანდები – 52%
ირლანდია – 48%.