ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს.
ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.
„პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში საქართველოდან მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტერ მიკისკას თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის გახსნას და საქართველოში არსებულ ვითარებას.
„მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ სფეროში მიღწეული საქართველოს მთავრობის წარმატებაზე, რომელსაც ჩვენი მაღალი შეფასება მოჰყვა. ჩემი მილოცვა ძალიან გულწრფელია, რადგან ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით და ახლოდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.
ჩვენი შეხვედრა ეხებოდა მომავალს და არა წარსულს. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის ხელახლა გახსნაზე, საქართველოში ჩეხი ტურისტების ჩამოსვლაზე, ასევე, როგორ უნდა დაინერგოს სათანადო პირობები და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა საქართველოში ჩეხი ტურისტების მისაღებად. ამისათვის აუცილებელია, გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს“, – განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა.