იმ შემთხვევისთვის, თუ შეგეკითხებიან —
„ამ ქვეყანაში სინდისი დარჩა?“
შეგიძლიათ უპასუხოდ:
„დიახ. ჯერ კიდევ დგას. თელავში. მერიის წინ.“
თელავი ის ქალაქია, რომლის დილაც სიჩუმით იწყება — ყოველ დილით, წლების განმავლობაში ერთი კაცი უწინარესად იღვიძებდა. ის აგროვებდა ქალაქის ჭუჭყს, აწესრიგებდა გარემოს, რასაც სხვები ვერც ვამჩნევდით და ვერც ვაფასებდით.
მისი ბიოგრაფია ალბათ არ დაიწერებოდა, რომ არა რამდენიმე სიტყვა, რომელსაც ქალაქის მერიის თანამშრომელი ჩვეულებრივ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ამბობს
„არ ვეთანხმები“.
თელავში, მერიის შენობის წინ, უკვე 200 დღეზე მეტია ყოველდღიურად დგას კაცი. ხელში პლაკატით, მხრებზე გადმოფენილი საქართველოს დროშით.
უბრალოდ დგას — დგას იმავე იმედით, რომლითაც წლების განმავლობაში უვლიდა ქალაქის ქუჩებს.
ეს კაცია როინი აივაზაშვილია — ადამიანი, რომელიც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მშვიდი პროტესტის გამო სამსახური დაკარგა.
2024 წლის ნოემბრის მიწურულს, საქართველოში გარდამტეხი პოლიტიკური ტალღა დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა ქუჩაში — აპროტესტებდნენ ხელისუფლების საგარეო კურსს, ხელისუფლების განცხადებებს რუსეთის მიმართ და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას.
პროტესტი არ ყოფილა მხოლოდ დედაქალაქის რეალობა. პროტესტის ხმა რეგიონებშიც გაისმა …
თელავში კი ერთმა ადამიანმა შეძლო, რომ საკუთარი დუმილი, პოლიტიკურ ხმად ექცია. როინიც დადგა, დადგა ქალაქის შუაგულში, მერიის წინ, სადაც წლების განმავლობაში შედიოდა სამუშაოდ.
ის დღესაც იქ დგას როგორც მოქალაქე. ყოველდღე. ყოველ საღამოს. იმავე განწყობით, რაც ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა — პასუხისმგებლობის.
როინის დგომა, ერთი შეხედვით, ადგილობრივი ჩვეებრივი თელავური ამბავია — მაგრამ რეალურად ეს ამბავი სცდება თელავის საზღვრებს.
როინი თავისი მდუმარე პროტესტით უსვამს კითხვას მთელ საჯარო სექტორს:
შეიძლება თუ არა სამსახურის დაკარგვის შიშმა გადაფაროს მოქალაქეობრივი პოზიცია?
არის თუ არა სიჩუმე მოხელისთვის პროფესიული ვალდებულება?
და ბოლოს — სინდისი სისტემაში შეიძლება იმალებოდეს, მაგრამ რამდენ ხანს?
თელავის მერიამ მისი მოქალაქეობრივი პოზიცია არ მოითმინა. მშვიდი დგომის გამო როინი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მაგრამ როინი არ წავიდა. უბრალოდ სამსახურის გარეთ დარჩა. დარჩა როგორც სიმბოლო იმისა, რომ საჯარო მოხელეებიც შეიძლება იყვნენ მოქალაქეები — საკუთარი აზრითა და ღირსებით.
საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხშირად მოეთხოვებათ პოლიტიკურ თემებზე ნეიტრალიტეტი — რომელიც პრაქტიკულად დუმილს ნიშნავს. თუმცა როდესაც საზოგადოებრივი ჩართულობა საჭირო ხდება, ასეთი დუმილი უკვე მორალურ დათმობაზე გადადის.
როცა თელავის მერიის წინ ჩაივლით, შესაძლოა შეგხვდეთ ადამიანი — ჩუმად მდგომი. ის არ მოგთხოვთ ყურადღებას, მაგრამ გაგრძნობინებთ, რომ იქ დგას რაღაც უფრო დიდის გამო, ვიდრე პირადი კეთილდღეობაა.
როინი აივაზაშვილი არ არის, როგორც ერთჯერადი აქტივისტი, არამედ იგი ჩემთვის არის როგორც საჯარო უწყების არაოფიციალური მორალური სახე

ავტორი : მაკა მოსიაშვილი