ბავშვი სკოლაში მიდის. დგება ოჯახისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი. სკოლა უცნობი სამყაროა, რომელიც პატარას უამრავ სიახლეს ჰპირდება: ახალ სოციალურ გარემოს, თანატოლთა ახალ საზოგადოებას, ახალ მეგობრებს, მასწავლებლებს, რომლებისგანაც უამრავ საინტერესო რაიმეს შეიტყობს… ბუნებრივია, მშობლები ღელავენ, იწყება ახალ გარემოსთან შეგუება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ეს კი ხანგრძლივი პროცესია.ამ რთული და გრძელი გზის დასაწყისში მათ შვილს მრავალი დაბრკოლება ელის. სანამ სწავლას შეუდგებოდეს, ბავშვი ახალ ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს. ეს თვეობით გრძელდება, ზოგჯერ – მთელი წელიც კი. მაინც რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, რა სირთულეებს ვეჯახებით ყველაზე ხშირად და როგორ გადავლახოთ ისინი?
პირველი კლასი ბავშვის ცხოვრების მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია. პატარა ჯერ ვერ აცნობიერებს, სად მოხვდა. არ იცის, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება, ახალი მოვლენები, ახალი მოვალეობები. აქამდე ის მშობლებს იყო მინდობილი და ახლა ცდილობს, მათი ქცევის, მათი განცდების მიხედვით ამოიცნოს, რა ხდება მის თავს. სკოლამდე ბავშვის ერთადერთი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი ყველაფერი შეიცვლება. თუ პატარა საბავშვო ბაღში დადიოდა, სკოლასთან შეგუება გაუადვილდება, რადგან ბაღშივე გამოიმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს.
იქ ბავშვს უწევს მაგიდასთან თანატოლების გვერდით ჯდომა, პედაგოგის კითხვების მოსმენა, პასუხის გაცემა, ამას ემატება მიზანმიმართული მეცადინეობები, წიგნის, რვეულის, საწერი კალმის გამოყენება… ბევრს მიაჩნია, რომ საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელი არ არის – სკოლისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავება შინაც შეიძლება. მათ ავიწყდებათ, რომ შინ ბავშვი თავისუფალია, ყველა თავს ევლება, არავინ ზღუდავს, სკოლაში კი ის იქაურ წესებს უნდა დაემორჩილოს: განსაზღვრული ხნის განმავლობაში იჯდეს მერხთან, უნებართვოდ ვერ გაინძრევა…
საბავშვო ბაღში ნასიარულევი ბავშვი ამას უკვე შეჩვეულია, “ოჯახის ბავშვს” კი პრობლემები ექმნება. თუმცა ისეც ხდება, რომ თანატოლებთან ურთიერთობას მოწყურებულნი, მეტი ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. ზოგიერთი ბავშვი მტკივნეულად განიცდის ახალ გარემოში მოხვედრას, ტირის, უჭირს მშობლების გარეშე ყოფნა. უნდა გვახსოვდეს: ახალ გარემოსთან ადაპტაცია არც ისე იოლია. თუ ბავშვმა მძაფრი რეაქცია გამოხატა, ძალდატანება არ შეიძლება. ის ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა შევაჩვიოთ სასკოლო რეჟიმს. სკოლაში, გარდა მასწავლებლებსა და თანატოლებთან ურთიერთობისა, ბავშვი კიდევ ერთ სირთულეს აწყდება – სწავლის პროცესს.
ზოგი ინტერესითა და სიხარულით ხვდება ამ სიახლეს, ზოგს კი ძალიან უჭირს თამაშიდან სწავლაზე გადასვლა. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე შეიყვანს ბავშვს სკოლაში, მით უკეთესია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ხუთი წლის ბავშვი საამისოდ პატარაა. რომელი მიდგომაა უფრო მართებული? ზდრასთან ერთად ბავშვი განვითარების განსაზღვრულ ეტაპებს გადის. თითოეულ საფეხურზე ხდება მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მომწიფება. ექვს წლამდე სკოლაში მიყვანა ნაადრევია – ბავშვი სკოლისთვის ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად უნდა მოემზადოს, რათა თავი გაართვას მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს. სწავლის პროცესში ძალდატანება დაუშვებელია – ამან შესაძლოა უკურეაქცია, სწავლისადმი სიძულვილი გამოიწვიოს.
ბავშვი ჯერ არ გამოსულა თამაშის სტადიიდან, ამიტომ ამ ეტაპზე თამაშისა და სწავლის შერწყმა უნდა მოხდეს. პატარას თანდათან უნდა გავაცნობიერებინოთ, რა არის სწავლა, რა არის დავალება. მეცადინეობის შემდეგ უნდა დავასვენოთ, გართობის საშუალება მივცეთ, შევეცადოთ, სწავლის მიმართ უარყოფითად არ განეწყოს. თანდათანობით უნდა მივახვედროთ, რომ დავალების შესრულება აუცილებელია. დიდი ტაქტით ავუხსნათ, რა არის ნიშანი – რომ ამგვარად აფასებენ, რამდენად კარგად შეასრულა ბავშვმა დავალება. ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ პატარა არ დაითრგუნოს. მან არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თუ მაღალი შეფასება დაიმსახურა, კარგი ბავშვია, ხოლო თუ დაბალი – ცუდი. ზოგჯერ პირველ კლასში ნიშნების ნაცვლად პედაგოგები სიმბოლოებს – მოღიმარი და მოწყენილი მზის გამოსახულებას იყენებენ. მოღიმარი მზე კარგ შეფასებას ნიშნავს, მოწყენილი კი ცუდს.
ამ მეთოდის გამოყენებისას ბავშვი ნაკლებად ითრგუნება. სამაგიეროდ, ხვდება, რომ მეტი უნდა იშრომოს, რათა მზემ გაუღიმოს. ზოგჯერ სიტუაციას მშობლები ართულებენ. ბუნებრივია, ყველას სურს, მისი შვილი წარმატებული იყოს, მაგრამ უმჯობესია, ბავშვს შრომის ჩვევა გამოვუმუშაოთ და არა ნიშნებისთვის ომში ჩავაბათ და თანაკლასელებთან შეჯიბრებისკენ წავაქეზოთ. აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს. არ არის საჭირო დაბალი შეფასების გამო ბავშვის დატუქსვა, დასჯა – უმჯობესია ავუხსნათ, რომ თუ მოინდომებს, უკეთ ისწავლის, მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ხშირად უნდა შევაქოთ ბავშვი, ბეჯითობისთვის წავახალისოთ, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ მისი არც ერთი წარმატება.
დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დახვდებიან ბავშვს სკოლაში. აქ დიდი ტაქტი, პედაგოგიური ოსტატობაა საჭირო, რადგან თუ ბავშვს სკოლასთან შეგუება გაუჭირდა, უცხო გარემოში მოხვედრისას ის ყოველთვის წააწყდება სირთულეს. ყველა ბავშვი თავისებურია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ პრობლემა სერიოზულია, სასურველია საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა. აუცილებელია პედაგოგებთან, სხვა მშობლებთან ურთიერთობა – არსებობს უამრავი პრობლემა, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაიძლიოს, რაც საბოლოოდ ყველაზე ძვირფასს – ბავშვის სწორ აღზრდასა და ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბებას ემსახურება.