Home რჩევები როგორ უნდა შევარჩიოთ ლომბარდი და რა უნდა გავითვალისწინოთ მასთან ხელშეკრულების გაფორმებისას?

როგორ უნდა შევარჩიოთ ლომბარდი და რა უნდა გავითვალისწინოთ მასთან ხელშეკრულების გაფორმებისას?

სალომბარდე მომსახურება ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და  სტაბილურად შემოსავლიანია ისეთი ლომბარდები, რომლებიც ძვირფას თვლებსა და ლითონებს იბარებენ.

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა მოცემული, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სულ 609 392 სალომბარდე სესხი გაიცა და თანხის ჯამური მოცულობა 775 027 592 ლარია, 2021 წლის ამავე პერიოდში კი სულ 512 925 სესხი გაიცა და ჯამური თანხის მოცულობაც შედარებით ნაკლები – 636 490 931 ლარი იყო.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემებიდან იკვეთება, სალომბარდე სესხებზე მოთხოვნა შედარებით გაზრდილია, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეტმა ადამიანმა იცოდეს, რა გაითვალისწინოს აღნიშნული სერვისით სარგებლობისას:

ოქროს ნივთის დაზიანებისგან წინასწარ დავიზღვიოთ თავი

სანამ ლომბარდში ნივთს დატოვებთ, დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება და გაარკვიეთ, რამდენად იღებს კომპანია პასუხისმგებლობას, თქვენი საკუთრების დაზიანების შემთხვევაში ზარალი აგინაზღაუროთ.

თუ მას კლიენტის მიმართ ამგვარი ვალდებულება არ აქვს, მაშინ სჯობს, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ლომბარდი მოძებნოთ, სადაც შემოწმებისას თქვენს ნივთს გამოუსადეგარს არ გახდიან.

თუ ლომბარდიდან უკვე დატოვებული ნივთი გამოგაქვთ და დაზიანება შენიშნეთ, სჯობს გატანის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერამდე გამოიძახოთ პოლიცია, რომელიც ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და ასე უფრო მეტი შანსი გექნებათ დაამტკიცოთ, ვინ არის სამკაულის დაზიანებაზე პასუხისმგებელი.

განვსაზღვროთ „ჯარიმიანი ვალდებულების“ აღება გვირჩევნია, თუ უჯარიმო

ლომბარდების ნაწილი მომხმარებლის მისაზიდად უჯარიმო სესხებს გასცემს, რომლის მიხედვითაც თანხის დასაფარად თვეში ერთხელ კონკრეტულ თარიღი არ გაქვთ დაწესებული. შეგიძლიათ, ვალდებულება მაგალითად, 3 თვის განმავლობაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაფაროთ და ვადაგადაცილებისთვის ჯარიმის გადახდაც მოგიწევთ.

ჯარიმიანი სესხის შემთხვევაში, დადგენილია კონკრეტული თარიღი და ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველდღიური საურავი დაგერიცხებათ.

რიგ შემთხვევებში, უჯარიმო სალომბარდე სესხები შედარებით ძვირია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, ბევრი მომხმარებელი არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს. თქვენს შემთხვევაში, უნდა განსაზღვროთ, რამდენად სტაბილური შემოსავალი გაქვთ და ამის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილება.

წინსწრების საკომისიოსა და „ფარული ხარჯების“ შესახებ დეტალების დაზუსტება

ზოგიერთი ხელშეკრულების თანახმად, კლიენტმა ვალდებულების დროზე ადრე დაფარვისას საკომისიო უნდა გადაიხადოს. ამის გამო ზოგიერთი მათგანი ვალდებულების წინსწრებით დაფარვისგან თავს იკავებს  და ურჩევნია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დაიცვას.

ლომბარდთა ნაწილის პირობებით კი სალომბარდე სესხის აღება წინსწრების საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი, რაც მსესხებლისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის „ფარული ხარჯები“, რომელთა შესახებაც კლიენტი წინასწარ ინფორმირებული არ არის ხოლმე. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს დამატებითი საკომისიოები და სხვა. იმისათვის, რომ ყველა ხარჯის შესახებ წინასწარ ვიყოთ ინფორმირებული, ხელშეკრულება გულდასმით უნდა წავიკითხოთ და მხოლოდ ამის შესახებ მივიღოთ გადაწყვეტილება.

ლომბარდის სანდოობის შესახებ ინფორმაციის მოძიება

ჩვენი ფინანსებისა და მოძრავი თუ უძრავი ქონების დასაცავად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა. სანამ კონკრეტულ კომპანიას ვენდობით, სასურველია,  გადავხედოთ უკმაყოფილო კლიენტების შეფასებებს, მეტი გავიგოთ ლომბარდის რეპუტაციის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვანდოთ ნივთი.

ალბათ გსმენიათ, რომ პერიოდულად, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი სესხის გამცემი კომპანიის მიერ დაზარალებული კლიენტები აქციებს მართავენ, მიმართავენ სასამართლოს და სხვადასხვა გზით ცდილობენ თავიანთი ქონების დაბრუნებას. როგორც წესი, აღნიშნული პროცესი არასასიამოვნო, ხანგრძლივი და კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის მომტანია. შესაბამისად, ინფორმაციის მოძიება ბევრ უსიამოვნებას აგვარიდებს თავიდან.