Home რჩევები როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიცხის საზომი გაგიტყდათ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიცხის საზომი გაგიტყდათ

ბავშვს დაუვარდა და გაუტყდა სიცხის საზომი, ვერცხლისწყლის ბურთულები დაცვივდა საწოლსა და იატაკზე.

საშიშია თუ არა ეს ოჯახის წევრებისთვის? როგორ მოვიქცეთ?ვერცხლისწყალი თხევადი მეტალია, რომელსაც აქვს საშიში, მომწამვლელი ორთქლი. მისი შეგროვება და იატაკიდან აღება ძნელია – შეხებისას ის პატარა ბურთულებად იშლება და მთელ ფართობს ედება, ცვივა იატაკის ნაპრალებში, ავეჯის, კედლების ნახეთქებში… მაგრამ მისი შეგროვება აუცილებელია, რადგან მისი აორთქლების შედეგად შესაძლოა მძიმედ მოვიწამლოთ.

როგორ შევაგროვოთ?

ოთახიდან, სადაც თერმომეტრი გატყდა, ყველა უნდა გაიყვანოთ. დაბალ ტემპერატურაზე აორთქლება ნელდება, ამიტომ თუ გარემოს ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ოთახისა, სასწრაფოდ გააღეთ ფანჯრები. შემდეგ ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე პოლიეთილენის პარკები ამოიცვით, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი ან ბამბისა და ბინტისგან დამზადებული საფენი, დასველებული სოდიან ხსნარში ან ჩვეულებრივ წყალში. ვერცხლისწყლის ბურთულების შეგროვება დაიწყეთ ოთახის პერიფერიიდან ცენტრისკენ. სინათლე კარგად მიანათეთ იმ ადგილს, სადაც თერმომეტრი დაეცა.

დაგჭირდებათ: ფუნჯი, თხელი მუყაოს ან ფოლგის ფურცელი, რეზინის ტუმბო ან ერთჯერადი შპრიცი, სველი გაზეთი, ბამბა, ნაჭერი. მოიქეცით ასე: მუყაოს ან ფოლგის ფურცელი გამოიყენეთ აქანდაზად. მოგროვილი ბურთულები ჩაუშვით ცივი წყლით სავსე მინის ჭურჭელში. უფრო პატარები რეზინის ტუმბოთი ან შპრიცით შეაგროვეთ. ნაპრალებსა და ნახეთქებში ჩაცვენილ ბურთულებს დააყარეთ ქვიშა – ამის შემდეგ ფუნჯით უფრო ადვილად გადაიტანთ ფურცელზე. ყველა გამოყენებული ნივთი მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში, დაახურეთ თავზე, შეინახეთ სითბოსგან მოშორებით. იატაკი ჯერ სველი, გაწურული გაზეთით მოწმინდეთ, მერე – სოდიან-საპნიან წყალში დასველებული ტილოთი. ეს დარჩენილი ვერცხლისწყლის დაჟანგვას გამოიწვევს და ხელს შეუშლის აორთქლებას. ბურთულების შეგროვების შემდეგ ოთახი 2-3 საათით გაანიავეთ, ბოლოს დარეკეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურში და ჰკითხეთ, სად მიიტანოთ შეგროვილი ვერცხლისწყალი.