მას იცნობენ, როგორც “შობის ყვავილს”, თუმცა სინამდვილეში პუანსეტია, იგივე რძიანა ჰქვია. ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ ხალხში „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:
თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი
მიიტანა. ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურ
ყველაზე აქტუალური წითელი ფერის ყვავილებიანი პუანსეტიაა, თუმცა არსებობს მცენარის ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც – წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.
განათება
პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ამიტომ კარგი იქნება, შუადღისას მცენარეს ფარდით მოუჩრდილოთ, ან ნახევრად ჩრდილში გადაიტანოთ.
თუ პუანტესია ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს, რადგან გრილ მინაზე შეხებამ შესაძლოა, მცენარის ეს ნაწილი დააზიანოს.
ოთახი, სადაც მცენარე გიდგათ, ზაფხულობით რეგულარულად გაანიავეთ. შეგიძლიათ, წელიწადის ამ დროს მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.
ტემპერატურა
პუანსეტიას ყვავილობის დროს (ზამთარში), ოთახში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, წლის დანარჩენ პერიოდში კი მცენარე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე (18-25 გრადუსზე) ამყოფეთ.
ჰაერის ტენიანობა
პუანსეტიას საშუალო ტენიანობის ჰაერი სჭირდება, თუმცა პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურებაც არ აწყენს – რაც უფრო მშრალია ჰაერი ოთახში, წყალიც მით უფრო ხშირად შეასხურეთ, განსაკუთრებით კი ყვავილობის პერიოდში. მხოლოდ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი უნდა იყოს.
მორწყვა
მორწყვიდან მორწყვამდე პუანსეტიას ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს, რადგან ფესვთა სისტემაში ზედმეტი ტენიანობა მცენარის ლპობას გამოიწვევს.
განოყიერება
მომდევნო ყვავილობისთვის „ძალების მოსაკრებად“, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე (გაზაფხულიდან შემოდგომამდე), ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
მოსვენების პერიოდი
ყვავილობის დასრულების შემდეგ, პუანსეტია მცირე ხნით (დაახლოებით, 2 თვით) მოსვენების პერიოდში გადადის.
ამ დროს საჭიროა მცენარეს შეუწყვიტოთ ყველანაირი განოყიერება, შეუმციროთ მორწყვა, ოთახის ტემპერატურა კი 12-14 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.
ფორმირება
ფორმის შესანარჩუნებლად, საჭიროა მცენარეს ტოტები ოდნავ დაუმოკლოთ ხოლმე. ასე ის უფრო მეტად გახშირდება და „ფუმფულა ბუჩქის“ სახეს მიიღებს.
გადარგვა
პუანსეტია გაზაფხულზე (აპრილ-მაისში) უნდა გადარგოთ.
გადარგვის წინ მცენარეს ტოტები 1/3-ით დაუმოკლეთ, ხოლო მსხვილ ტოტებზე 3-5 ყველაზე ძლიერი განშტოება დაუტოვეთ. შემდეგ გადასარგავი მცენარე კარგად განათებულ, თბილ ოთახში მოათავსეთ და დროდადრო ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყლით მორწყეთ.
როგორც კი მცენარე ახალ ფოთლებს გამოიღებს, გადასარგავად მზად არის და ნეიტრალური მჟავიანობის ნიადაგში გადარგეთ. გადარგვისას ნურც კარგ დრენაჟს დაივიწყებთ – ქოთნის ძირში მსხვილი კენჭები ან აგურის ნატეხები ჩაუფინეთ.
გადარგვის შემდეგ მცენარე სითბოში დადგით, რეგულარულად მორწყეთ და წყალი შეასხურეთ.
მცენარე მალე ახალ ტოტებს განივითარებს.
ამ ტოტებიდან მხოლოდ 5-6 ყველაზე ძლიერი ტოტი დაუტოვეთ, დანარჩენი ფრთხილად მოაჭერით და ახალი მცენარის დასაფესვიანებლად გამოიყენეთ.
გამრავლება
პუანსეტია გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში გაამრავლეთ. გასამრავლებლად კი კენწეროს კალამი გამოიყენეთ.
ეს შემდეგი წესების დაცვით უნდა მოახდინოთ: მოაჭერით პუანსეტიას კენწეროს კალამი, გადაჭრის ადგილიდან გამოსული წვენი რბილი ხელსახოცით მოაცილეთ და გადაჭრის ადგილზე ხის ნახშირი მოაყარეთ.
ამის შემდეგ დამუშავებული კალამი წყალში ან სველ, ფხვიერ სუბსტრატში მოათავსეთ, უკეთ დაფესვიანებისთვის კი რომელიმე ზრდის სტიმულატორიც გამოიყენეთ.
დასაფესვიანებელ კალამს შეგიძლიათ, მინისათბურიც მოუწყოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ სათბურში ტემპერატურა 28 გრადუსს არ აჭარბებდეს.
კალამი რეგულარულად მორწყეთ და გაანიავეთ. დაახლოებით, 1 თვეში (ამ დროისთვის კალამი უკვე დაფესვიანებული იქნება) საშუალო ზომის ქოთანში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.
თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან დღის მეორე ნახევარში ბნელ ადგილას დადგით ან მუქი ფერის ნაჭერი გადააფარეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს:
კენწეროების ფოთლები ნელ-ნელა ფერს შეიცვლის, 2-2,5 თვეში კი კაშკაშა წითელ შეფერილობას მიიღებს.