ინდოეთის პენჯაბისა და ჰარიანას შტატების ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ “The Tribune” -ში 20 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი ინდოელი ძიუდოისტის თავგადასავალია გადმოცემული (ავტორი – რავი ჯალივალი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
“საქართველოს მთავარმა მწრთვნელმა, რომელმაც თავისი თანამემამულეს ზურაბ ზვიადაურს ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოაგებინა, ახლა, კორონავირუსის პანდემიის დროს, ინდოელი ძიუდოისტი ჯასლინ საინი “იშვილა”, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 56-ე ადგილზეა. მამუკა ყიზილაშვილმა თავის სოფელში, კახეთის რეგიონში,
ჯასლინ საინი არამარტო სამუშაოთი და საცხოვრებლით უზრუნველყო, არამედ მისი მწრთვნელიც გახდა.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში რომ გეგმის მიხედვით გამართულიყო, ჯასლინ საინი მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა: მან საკვალიფიკაციო ნორმატივები ჩააბარა და აზიის კონტინენტურ კვოტაში თავისი ადგილი დაკავა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას მისი სახელი 29 ივნისს უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ
პრეზენტაცია გადაიდო – თვით ოლიმპიური თამაშების გადადების გამო.
ჯასლინ საინი, პენჯაბის პოლიციის კონსტებლი, მეორე სპორტსმენია გურდასპურიდან (ქალაქი პენჯაბის შტატში – ს.კ.), რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში პაექრობის უფლება მოიპოვა. პირველი იყო ავტარ სინგჰი – რიო-დე-ჟანეიროს თამაშების მონაწილე. საერთოდ კი, ოლიმპიური თამაშების 124-წლიან ისტორიაში ინდოეთიდან სულ ოთხი ძიუდოისტი მონაწილეობდა.
ჯასლინ საინი, რომელმაც 66 კილოგრამიან წონით კატეგორიაში 2019 წელს გამართულ თანამეგობრობის ჩემპიონატსა და სამხრეთაზიურ თამაშებში ოქროს მედლები აქვს მოპოვებული, თბილისში 8 მარტს ჩავიდა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის, რომელიც 25 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, ტურნირი გაუქმდა. ასე აღმოჩნდა პენჯაბელი პოლიციელი-ძიუდოისტი მარტოდმარტო უცხო ქვეყანაში, თითქმის ჯიბეცარიელ მდგომარეობაში. მამუკამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მაღალაანაზღაურებადი მწრთვნელია, ინდოელი ჭაბუკი თავის მშობლიურ ახმეტაში წაიყვანა და კვებით, საცხოვრებელი ბინით და სამუშაოთი უზრუნველყო. სხვათა შორის, ახმეტიდანაა ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაურიც, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი.
“როგორც კი საქართველომ კორონავირუსის გამო საზღვრების დახურვა გამოაცხადა, საწრთვნელმა დარბაზებმაც მუშაობა შეწყვიტეს. მწრთვნელმა მკითხა, გინდა რომ ჩემთან ივარჯიშოო. რადგანაც მე სხვა ალტერნატივა არ მქონდა, ამიტომ დავთანხმდი და არც მოვტყუვდი. ორივე წავედით მის სოფელში, თბილისიდან ორი საათის სავალზე”, – თქვა ჯასლინ საინმა “The Tribune”-თან საუბარში.
რასაკვირველია, ინდოელ ძიუდოისტს კავშირი აქვს ინდოეთის საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან: “მათ ამიხსნეს, რომ საერთაშორისო ავიარეისების შეწყვეტის გამო ბევრით ვერაფრით დამეხმარებიან, მაგრამ დამაჯერებლად მითხრეს, რომ ყველანაირად შეეცდებიან პირველივე აღდგენილი ავიარეისით დავბრუნდე ინდოეთში. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ახმეტა ორი ძიუდოისტის სამშობლოა, რომელთაგან ერთი ოლიმპიელია, მეორე კი ოლიმპიადისთვის ემზადება”, – აღნიშნა ჯასლინ საინმა. წყარო