მალე ევროპაში სტეიკს 3D პრინტერზე ამობეჭდავენ. საუბარია მცენარეული ინგრედიენტებით, ლაბორატორიაში შექმნილ ხორცზე, რომელსაც 3D პრინტერი ამობეჭდავს. ახალი თაობის ხორცის სტეიკის ევროპაში დისტრიბუციისთვის, ისრაელში დაფუძნებული კომპანია Redefine Meat-ი იმპორტიორ Giraudi Meats-თან დაკონტრაქტდა. სტარტაპის მიზანია, ახალი პროდუქტი ისევე დამკვიდრდეს მომხმარებლებში, როგორც ტრადიციულად წარმოებული ნატურალური ხორცი და მისი ალტერნატივა გახდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Redefine Meat ხორცის პრინტერებით წარმოებაზე თელ-ავივის სამხრეთით მდებარე საწარმო Rehovot-ში მუშაობს. კომპანიამ ქარხანა ნიდერლანდებშიც გახსნა.
“იმისთვის, რომ სტეიკი შევქმნა, ეკრანზე რამდენიმე განსხვავებული არჩევანი მაქვს. ახლა უნდა ავირჩიო თითოეული მახასიათებელი. უნდა განვსაზღვრო სტეიკის წონა, ცილების და ცხიმების რაოდენობა. ამის შემდეგ, უკვე შემიძლია, ხორცის წარმოება დავიწყო. აპარატი ასევე აკონტროლებს საჭირო ინგრედიენტების ვარგისიანობას და ყოველ ერთ საათში ეს ინგრედიენტები უნდა ვცვალო. ახლა კი შემიძლია, ბეჭდვის პროცესი დავიწყო. საბოლოო პროდუქტის მისაღებად, სტეიკის თითოეული ინგრედიენტი ფენა-ფენა იბეჭდება,” – განაცხადა Redefine Meat-ის პროექტის მენეჯერმა იარონ ეშელიმ.
კომპანია 3D სტეიკს სოიოს და ბარდის პროტეინებისგან ამზადებს. ამ ინგრედიენტებს ემატება წიწიბურა, ჭარხალი, საფუარი და ქოქოსის ცხიმი. შედეგად, მიიღება საკვებად ვარგისი, რბილი ხორცი.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით იმის დასადგენად, თუ რა ხდის ხორცს ასე გემრიელს. შედეგად, გამოვავლინეთ რამდენიმე კომპონენტი, რომელთა შექმნა მცენარეებისგანაც შესაძლებელია. მივიღეთ ზუსტად იდენტური შედეგი, რაც ცხოველურ ქსოვილს აქვს. საბოლოო ჯამში, წარმოებისთვის აუცილებელი დანამატების კომბინაციით, 3D სტეიკი ზუსტად იმ შეგრძნებას იწვევს, რაც კარგი ხორცის ნაჭრის მირთმევის შემდეგ გვეუფლება,“ – განაცხადა Redefine Meat-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ეშჩარ ბენ-შიტრიტიმ.
ბოლო წლებში მცენარეული ხორცის ალტერნატივები სულ უფრო პოპულარული ხდება. ვეგეტარიანული სტეიკების დასამზადებლად, 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას ასევე ესპანური სტარტაპი Novameat-იც იყენებს.
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მცენარეულ ხორცზე მოთხოვნა ინფლაციამ და რეცესიის რისკებმა შედარებით შეამცირა, რადგან მომხმარებელთა ნაწილი შედარებით ბიუჯეტურ ცხოველური ხორცის პროდუქტებს დაუბრუნდა. თუმცა, არსებული სიტუაციის მიუხედავად, Redefine Meat-ს დიდი ამბიციები აქვს.
“ათწლეულის შემდეგ, მცენარეებისგან დამზადებული ხორცი ინდუსტრიის დიდ ნაწილს დაიკავებს. ის ჩაანაცვლებს იმ ხორცს, რომელსაც დღეს ადამიანები მოიხმარენ, რაც გარემოსთვისაც საზიანოა. მე მაინც მჯერა, რომ ადამიანთა უმეტესობა საბოლოოდ მოიხმარს მაღალხარისხიან ხორცს, რომელიც მომდინარეობს ცხოველებისგან და მცენარეებისგანაც და ეს ორი ინდუსტრია გვერდიგვერდ იცხოვრებს,” – ამბობს ეშჩარ ბენ-შიტრიტიმ.
კომპანიაში წარმოებული 3D სტეიკები ამჟამად ისრაელში, ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში იყიდება. თითქმის 1 კილოგრამი სტეიკის ნაჭრისთვის 40 დოლარს ჩამოთვლილი ქვეყნების თითქმის 1000 რესტორანი იხდის.
წლის ბოლომდე, ისრაელში დაფუძნებული კომპანია 3D ხორცის ექსპორტზე გატანას საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და შვედეთში გეგმავს. ირკვევა ისიც, რომ ამ სიას 2023 წელს კიდევ ათეულობით ქვეყანა დაემატება.