პანდემიურ 2021 წელს გამორჩეულად ცხელი ზაფხულიც დაერთო. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ადამიანებთან ერთად, მათ შინაურ ცხოველებსაც უქმნით დისკომფორტს. როგორ უნდა დავიცვათ ისინი ძლიერი სიცხისგან?
არ დატოვოთ თქვენი შინაური ცხოველი მანქანაში
ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, თუ თქვენ შინაური ცხოველის მანქანაში დატოვებას “ერთი წუთით” აპირებთ, ეს შეიძლება ნამდვილად სანანებელი გაგიხდეთ. ცხელი ამინდის დროს მანქანაში ტემპერატურა ძალიან სწრაფად იზრდება. რაღაცამ ან ვიღაცამ კი შეიძლება თქვენი ყურადღება მიიპყროს და „წუთი“ გაგიჭიანურდეთ. ამიტომაც შინაური ცხოველი მუდმივად თქვენი თვალთახედვის არეალში უნდა გყავდეთ, განსაკუთრებით კი – ძლიერი სიცხის დროს.
როგორ დავეხმარო ჩემს შინაური ცხოველს?
რეალურად, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ცხოველებისა და ადამიანების დახმარების პრინციპები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება:
– უმჯობესია, რომ თქვენი შინაური ცხოველი დღის ყველაზე გრილ მონაკვეთში გაასეირნოთ. მაგალითად, დილით ძალიან ადრე ან/და გვიან საღამოს;
– თქვენი სეირნობის ხანგრძლივობა შეამცირეთ. დანარჩენი დროის განმავლობაში შეეცადეთ თქვენი ძაღლი სახლში გაართოთ: მაგალითად, ასწავლეთ მას ახალ-ახალი მითითებების შესრულება.
– თქვენს შინაურ ცხოველს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ცივი წყალი (შეგიძლიათ წყლის თასში ყინულის ნატეხები ჩაყაროთ);
– ცხოველს ყოველთვის უნდა ჰქონდეს დაჩრდილული და გრილი თავშესაფარი;
– მოერიდეთ ძაღლთან ერთად სირბილს ან ველოსიპედით მასთან ერთად სიარულს;
– თუ ტროტუარი ძალიან ცხელია, უმჯობესია, ბალახზე იაროთ (შეგიძლიათ ტროტუარს რამდენიმე წამით თითებით შეეხოთ, თუ ის თქვენთვის ცხელია, ძაღლიც ანალოგიურს იგრძნობს).
– თქვენი შინაური ცხოველი დავარცხნეთ, შეგიძლიათ ბეწვიც შეჭრათ. თუმცა არ გაპარსოთ, ბალანი მას მზის დამწვრობისგან იცავს.
– თქვენი ძაღლს ან კატას ცხვირსა და ყურების ბოლოებზე შეგიძლიათ მზისგან დამცავი კრემი წაუსვათ. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველების მზისგან დამცავი სპეციალური საშუალებები არსებობს. თუ ის ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია გამოიყენოთ. თუმცა აღნიშნულ საშუალებებზე არ უნდა იყოს მითითებული, რომ შინაგანი მოხმარებისთვის სახიფათოა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროდუქცია ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს. მაგალითად, თუთიის ოქსიდი და პარაამინობენზოინის მჟავა ძაღლებისთვის ტოქსიკურია. უმჯობესია, მზისგან დამცავი საშუალების შერჩევის საკითხი თქვენს ვეტერინართან განიხილოთ.
– მიეცით თქვენს შინაური ცხოველს გაყინული სათამაშოები და გემრიელობები;
– თუ შესაძლებელია, ძაღლი აბანავეთ საბავშვო აუზში ან უფრო დიდ წყალში (მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა ძაღლი კარგად არ ცურავს, ამიტომაც სიფრთხილე გმართებთ. ამავდროულად, ძაღლის სრულად ვაქცინაცია უფრო უსაფრთხოა). ასევე შეგიძლიათ თქვენს შინაურ ცხოველს წყალი შეასხუროთ.
– დადეთ სველი პირსახოცი ისეთ ადგილზე, რომ ცხოველმა მასზე დაწოლა შეძლოს ან ყინულით სავსე პარკი პირსახოცში გაახვიეთ და სადმე მის მახლობლად განათავსეთ.
– დახურეთ ის ფანჯრები, რომლებსაც არ აქვთ დამცავი ქსელი, რაც ცხოველებს გადავარდნისგან იცავს.
– თუ თქვენი ძაღლი ან კატა ძალიან სწრაფად სუნთქავს, გამოეყოფა უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ნერწყვი, ენა ან ღრძილები აქვს გაწითლებული, ძალიან მოუსვენრობს ან პირიქით, მოდუნებულია, ღებინება ან ფაღარათი აღენიშნება, სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს. მანამდე კი უნდა გადაიყვანოთ გრილ ადგილზე, შესთავაზოთ წყალი, კისრის უკანა მხარეს, კიდურების ქვეშ და საზარდულის მიდამოში კი სველი პირსახოცი დაადეთ. ამავდროულად, შესაძლებელია ყურებისა და თათების წყლით დასველება. შეგიძლიათ მის გვერდით ვენტილატორიც განათავსოთ.
ერთ-ერთი ბრიტანული კვლევის თანახმად, გადახურებისა და საავადმყოფოში მოხვედრის რისკი უფრო მაღალია 9 სახეობის ძაღლებში (ძირითადად, ბრტყელსახიანები): ბულდოგი, ფრანგული ბულდოგი, ბორდოული დოგი, ჩაუ-ჩაუ, მოპსი, გრეიჰაუნდი, ინგლისური სპრინგერ-სპანიელი, კავალერი კინგ-ჩარლზ-სპანიელი და ოქროსფერი რეტრივერი. ანალოგიურ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ორ წელზე ნაკლები ასაკისა და 12 წელზე უფროსი ძაღლები, ასევე, შინაური ცხოველები, რომელთა წონაც 50 კილოგრამზე მეტია ან მათი ჯიშისთვის ნორმალურზე მეტს იწონიან.