25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა. თუმცა, წითელი ჩექმა ამ ქალაქმა თავისი მდებარეობის გამო ერთი კვირით ადრე იგემა. რუსული ჯარი 1921 წლის 17 თებერვალს აზერბაიჯანიდან შემოვიდა, 19 თებერვალს კი დედოფლისწყაროში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. წითელი დროშის აფრიალებასთან დაკავშირებით წითელწყარო უწოდეს. მანამდე მას მეფის წყაროს ეძახდნენ. „ქვემო ქედიდან, მილარზე გავლით რუსები ჯერ სვეჩენოვკაში (სოფ. სამრეკლო, ჯაფარიძე) შემოვიდნენ. მენშევიკი მჩაგვრელების წინააღმდეგ შეკრებილი ხალხი იარაღით იდგა _ მალე წითელი დროშა აფრიალდა.
კურიშკოს საქართველოში შესვლა 15 იანვარს დაევალა. რუსულ არქივებში წერია, რომ 17 თებერვალს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარი მდინარე ალაზანით უნდა გადაეკვეთათ და „მეფის წყაროს“ (ქ. წითელი წყარო) აღება თამამი შეტევით მოეხდინა. 17 თებერვალს დილის 4 საათზე ამიერკავკასიის სექტორის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ. მტერმა ალაზნის ზემო წელში კაშხალი ჩამოწია. ღამით თოვდა, მდინარეში წყლის დონემ 180 სმ-მდე აიწია, რამაც შეუძლებელი გახადა კოლონებისა და არტილერიის გადაყვანა. მეთაურმა კურიშკომ გადაწყვიტა მხოლოდ საკავალერიო ნაწილები გადაესხა. საკავალერიო დანაყოფებისა და ტყვიამფრქვევების გადაკვეთა 12 საათისთვის დასრულდა. საღამოს 4 საათზე მიაღწია სოფელ მეფის წყაროს. ადგილობრივებმა პოზიციები გაამაგრეს სოფლის შესასვლელში, ასევე ყაზარმებში და მეფის წყაროს აღმოსავლეთით მდებარე სიმაღლეებზე. ამიტომ ჯიუტი წინააღმდეგობა გაუწიეს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულმა ჩანაწერებმა შემოინახა ისიც, რომ ვიდრე რუსული ჯარი აზერბაიჯანიდან შემოვიდოდა, ადგილობრივებს მათთან საიდუმლო კავშირი ჰქონიათ. დღეს ასეთი ქმედება შესაძლოა მოღალატეობრივადაც შეფასდეს, თუმცა იმხანად, რადგან მეფის წყაროში მენშევიკების ყაზარმები იყო განთავსებული, ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი კურიშკოს ჯარს იმედით შეხვდა. ამას მოწმობს სოფელ სამრეკლოს ცენტრში დახვედრაც. საარქივო ჩანაწერებში ნათქვამია, რომ კურიშკოს ცხენოსანთა პოლკთან საიდუმლო კავშირი ჰქონდა იმ დროს მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ არალეგალურად მებრძოლ ბოლშევიკურ სიღნაღის მაზრის ორგანიზაციას (ხელმძღანელი ვარამაშვილი). მათი ორგანიზაცია წითელწყაროშიც იყო, სწორედ მათი თანხლებით შემოვიდა 17 თებერვალს ღამის 9-10 საათზე კურიშკო მეფის წყაროში. კურიშკო გაემართა ქალაქის ცენტრში, მეფის წყაროში, სადაც ქართველი მენშევიკების მცირე ჯგუფები ყაზარმებში იყვნენ გამაგრებულნი. იქიდან ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა კურიშკო. საპასუხოდ მწყობრში ჩადგა 150 ჯარისკაცი ადგილობრივი მოსახლეობიდან და შური იძია მტერზე.
„104-ე საკავალერიო პოლკმა, რომელიც წინ მიიწევდა ფორსირებული მარშით, მოწინააღმდეგის ფორპოსტი გაარღვია, ტყვედ აიყვანა 7 ქართველი ჯარისკაცი და საღამოს 4 საათზე მიაღწია სოფელ „ცარსკიე კოლოდეც“-ს. ის გარშემორტყმული იყო რკალისებურად, მაგრამ მტერმა, რომელმაც პოზიციები დაიკავა ყაზარმებში, სოფლის შესასვლელთან და „ცარსკიე კოლოდეც“-ის აღმოსავლეთით მდებარე სიმაღლეებზე, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. 18:00 საათზე 103-ე საკავალერიო პოლკის მოახლოებასთან ერთად, ქვედანაყოფები შეტევაზე გადავიდნენ. გამაგრებულ ყაზარმებზე გაშლილ შეტევას 104-ე პოლკი ჩაუდგა სათავეში, რომლის მიზანი იყო იქ შემორჩენილი მტრის განდევნა. როდესაც ჯაჭვი ყაზარმებს მიუახლოვდა, მოწინააღმდეგემ ავტომატისა და შაშხანის ცეცხლის ქარიშხალი გახსნა. დანებების შეთავაზება უარყოფილი იქნა. დამცველებს იცავდა ყოფილი ტვერის დრაგუნის პოლკის ყაზარმის სქელი კედლები. ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, ყაზარმებში საქართველოს მენშევიკური ჯარების ბატალიონი თეთრების ოფიცერთა მეთაურობით იყო განლაგებული“ – წერია რუსულ არქივებში.
გასაბჭოების შესახებ საინტერესო ჩანაწერებია დაცული დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. საარქივო ჩანაწერებს „შირაქმა“ თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო. კურიშკოს მოკვლის ზუსტი თარიღი აქ არ იძებნება, თუმცა, რუსულ არქივებში მინიშნებულია, რომ ის 18 თებერვალს დაიღუპა და 19 თებერვალს წითელი დროშის აფრიალებას ვეღარ მოესწრო. მისი ხსოვნისთვის ძეგლი 1 მაისს გაუხსნიათ. პირველი ძეგლი კულტურის სახლის ტერიტორიაზე იდგა, შემდეგ ის დააზიანეს და აღდგენილი ძეგლი უკვე ტაძრის ადგილას გადმოიტანეს.
ჩვენს ქალაქში სტალინის (ამჟამად ჰერეთის) ქუჩა #124-ში წითელი არმია დასასვენებლად შევიდა „ივან ივანიჩის“ (სომეხი კარაპეტოვიჩი) ეზოში. მას ჰქონდა ძალიან დიდი ეზო. მათთან ერთად იყო კურიშკოც (1894-1921 წწ). კურიშკოს ჯარისკაცმა შეატყობინა ყაზარმებიდან ისვრიანო. სასწრაფოდ გაეშურა ამჟამად კულტურის სახლის ტერიტორიაზე, შემაღლებულ ადგილზე, რომელსაც მაშინ „ტრუბაჩევსკაია გორკა“ ეწოდებოდა. ცხენზე ამხედრებული ბრძანებებს იძლეოდა. ამ დროს ესროლეს და 18 ჭრილობა ჰქონდა. ის მაშინვე გარდაიცვალა. ჩანაწერების მიხედვით არსებობს ერთ-ერთი ვერსიაც, სადაც მენშევიკებთან შეტაკების დროს კურიშკო სასიკვდილოდ დაიჭრა.
1921 წლის საპირველმაისოდ კურიშკოს პატივსაცემად ძეგლი აიგო მისი მკვლელობის ადგილზე. 1978 წელს კი ძეგლი აღდგა და სხვა ადგილას, ქალაქის პირველ სკოლასთან მდებარე პარკში უფრო დიდი ზომის დადგეს. საარქივო ჩანაწერებში ნათქვამია, რომ არქიტექტორი იყო წითელწყაროს არქიტექტორი ვახტანგ ბაცაცაშვილი, ხოლო მოქანდაკეები: ოთარ მელიქიშვილი, ვახტანგ ფეტვიაშვილი და ავთანდილ კიკნაველიძე. 1 მაისს საზეიმო მიტინგი გაიმართა. ითქვა, რომ ამ მიდამოებში არსებულ სოფლებს: ჩიჩინოვკას, ნიკოლაევკასა და მეფის წყაროს შეეცვალოს სახელები. მაშინ ჩიჩინოვკას – ჯაფარიძე ეწოდა, ნიკოლაევკას – ლენინოვკა, მეფის წყაროს კი – წითელწყარო. ოფიციალურ საისტორიო წყაროებში და კომუნისტური რეჟიმის დროს გამოცემულ ქართულ გაზეთებში კურიშკოს სიკვდილი გმირულად იყო გადმოცემული. თუმცა, არსად იყო საუბარი იმაზე, რომ მეთაური მოკლეს. დედოფლისწყაროში კი დღემდე ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ის ადგილობრივმა გლეხმა მოკლა და ხალხმა მისი ვინაობა დაიცვა და ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა.
პეტრე ვასილის ძე კურიშკო – დონელი ღარიბი გლეხი, რომელმაც გამოსცადა მოჯამაგირის სიმძიმე, ძველი არმიის ჯარისკაცი ნებაყოფლობით ჩადგა წითელი ცხენოსანი ჯარის რიგებში. როცა საქართველოს აჯანყებულმა მუშებმა კომუნისტების ხელმძღვანელობით შექმნეს რევკომი, ლენინმა მათ დასახმარებლად გამოგზავნა მე-11-ე არმია. მის რიგებში კახეთის მხრიდან თბილისისკენ მოდიოდა კურიშკოს დივიზია. მოსახლეობა აღტაცებით ეგებებოდა წითელ არმიას.
სიღნაღის მაზრის სოფელ წითელწყაროში იყო მენშევიკ თეთრგვარდიელ ოფიცერთა დიდი გარნიზონი. საბჭოთა ცხენოსნებმა სოფლის ტერიტორია გაწმინდეს მათგან, მაგრამ კონტრრევოლუციონერთა ჯგუფი ყაზარმაში ჩაიკეტა და სროლას განაგრძობდა. კურიშკომ ეს რომ გაიგო, სროლას არ მოერიდა, ყაზარმასთან მიიჭრა და მოწინააღმდეგეს უთხრა-დანებებულიყო. ამ მომენტში იგი სასიკვდილოდ დაჭრეს. ეს იყო მისი მე-18 ჭრილობა. ბრძოლაში გამოწრთობილი მეომრები, როცა თავისი 27 წლის უფროსის დაღუპვის ამბავი გაიგეს, ბავშვებივით ქვითინებდნენ. კურიშკოს ნეშტი დასაკრძალად გაასვენეს მის მშობლიურ სოფელში, დონის ოლქში. წითელწყაროელმა გლეხებმა 100-ზე მეტი მებრძოლის რაზმი შეადგინეს, რომელიც მე-18 ცხენოსანი დივიზიის რიგებს შეემატა.
ვასილ სვიმონიშვილი (ისტორიკოსი): „მე იმდენად სანდო წყაროდან ვიცი, თითქმის თვითმხილველის ნაამბობის ტოლფასია, დღევანდელი ბაზრის შენობის ტერიტორიიდან ესროლეს კურიშკოს. ის კი დაახლოებით კულტურის სახლის შენობის ბორცვზე ჩამოდიოდა. მაშინ ეს ტერიტორია სახელოსნოებითა და სავაჭრო ფარდულებით იყო გაშენებული. ბაზრის ადგილზეც ძველი ბაზარი მოქმედებდა. რუსული ჯარი რომ შემოვიდა, ადგილობრივი ხალხი ორად გაიყო, მდიდრებს მენშევიკები უნდოდათ, ღარიბებს ბოლშევიკები. დიდი აგიტაცია მიდიოდა და ეს მუშაობდა. ამიტომაც ბევრი სიხარულით დახვდა. თუმცა, მოსახლეობა ერთიანი რომც ყოფილიყო, ძლიერი ჯარი შემოვიდა, რამდენიმე წერტილიდან შემოუტიეს საქართველოს და ოკუპაციის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა. მართალია ამ რაიონში რუსული სოფლები ბევრი იყო და გარნიზონის გამო სამხედროებიც მრავლად იყვნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართველებიც მრავლად სახლობდნენ. ამას გარდა, მეზობელი სოფლებიდან ქართველები რუსული ჯარის იმედით გასაბჭოებამდე ბევრი დასახლდა ამ ქალაქში. რადგან ჯარი იყო, ლეკიანობის აღარ ეშინოდათ. ამ ქალაქის დაარსების სავარაუდო თარიღიც 1803 წელია, როცა ტრაქტატის შემდეგ რუსის ჯარი შემოვიდა. ახლა რესტორანი შუა ქალაქი რომ არის, სავარაუდოდ იმ ტერიტორიაზე იყო მათი პოლკი, შემდეგ უკვე დაახლოებით 1897 წელს აშენდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა და იქ იყო ნიჟეგოროდის და ტვერის დრაგუნთა პოლკის შტაბი. შემდეგ, როცა მუზეუმად გადაკეთდა, იქ აღმოჩნდა ხელნაწერები, სადაც ინფორმაცია იყო შემონახული წლების და მშენებლების გვარების მითითებით. ხოლო სახანძრო სამსახურის ზემოთ მდებარე სამხედრო ნაწილი კი სავარაუდოდ 1930-იანი წლებიდან უნდა გაჩენილიყო. ოკუპაციის დროს ამ ადგილზე სამხედროები არ იყვნენ“.
ილია მარტყოფლიშვილი